“პოლიტიკური ვითარების გამო, მონაწილეები გვთხოვენ, მონაწილეობა მომავალ წელს გადავუტანოთ” – 4 ოქტომბერს სათავგადასავლო რალი გაიმართება

4 ოქტომბერს ავტორბოლა “სათავგადასავლო რალი საქართველო” გაიმართება, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ რალის დამფუძნებელმა და სერტიფიცირებული მრბოლელმა, ვერა მურღულიამ ისაუბრა.
მურღულია გადაცემაში აცხადებს, რომ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური მდგომარეობისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, მონაწილეებს საქართველოში ჩამოსვლის გარკვეული შიში აქვთ. შესაბამისად, ითხოვენ რომ მონაწილეობა ერთი წლით გადავუვადოთ.
მისივე თქმით, დღიდან დაარსებისა, 6 წლის განმავლობაში რალი სტარტს დედაქალაქიდან იღებდა, თუმცა წლევანდელი რალი სტარტს ბათუმში აიღებს. ერთკვირიანი რბოლის შემდეგ, სადაც მონაწილეები 1600 კილომეტრამდე დაფარავენ რალს, თბილისში დაასრულებენ.
“რეგისტრაცია 31 აგვისტომდე მიმდინარეობს, თუმცა საქართველოში არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ადვილი არ არის უცხოელებს დავაჯეროთ, რომ ჩამოვიდნენ და მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღონ. წელს, რალიში დაახლოებით 50 ეკიპაჟის მონაწილეობას ველოდებით, რაც ჯამში 100 მონაწილეს გულისხმობს.
არსებული შიდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, მონაწილეები ხშირად გვირეკავენ და გვეკითხებიან, ამ სიტუაციის გამო წლევანდელი რალის გაუქმება ხომ არ არის დაგეგმილი. რა თქმა უნდა, ვაიმედებთ რომ არსებული სიტუაცია რალის ხელს არ შეუშლის, თუმცა მათ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვთ. ზოგიერთი ეკიპაჟი გვთხოვს, რომ მონაწილეობა მომავალ წელს გადავუტანოთ. ზოგი ჩამოსვლას მაინც შიშობს. იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრამდე პოლიტიკური სიტუაცია დაწყნარდება და ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს რალის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, “სათავგადასავლო რალი საქართველო” ავტორბოლაა, რომელიც 2019 წელს დაარსდა და ყოველი წლის ოქტომბერში იმართება. პროექტის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. იდეის ავტორი და დამფუძნებელი ვერა მურღულიაა, რომელიც ავტომრბოლელი და რალების ორგანიზატორია საფრანგეთში.