წელს, სააღდგომო ტკბილეულის (პასკის) ფასი ძალიან არის გაზრდილი, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საკონდიტრო „ლაიმის“ დამფუძნებელმა, ქრისტინე ბუბუნაშვილმა სააღდგომოდ პასკის ფასის შეფასებისას ისაუბრა და დასძინა, რომ პროდუქციაზე ფასის მომატება მათაც მოუწიათ.
მისივე თქმით, საკონდიტრო მომხმარებელს ტრადიციულ და ხაჭოს პასკას სთავაზობს, რომელზედაც მოთხოვნა დიდია. ამასთან, ქრისტინე ბუბუნაშვილი მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზეც მიუთითებს, რომლებიც თადარიგს წინასწარ დიდი ხნით ადრე იჭერენ და უკვეთავენ.
„ინგრედიენტის ფასები წლიდან წლამდე იმატებს, თუმცა ჩვენ შევძელით, რომ მომხმარებლისთვის ადეკვატური ფასი შეგვეთავაზებინა. იცით, რომ არის ადგილები, სადაც პასკის ფასი სადღესასწაულო ტორტს უტოლდება. მე ასე ვუყურებ, რომ პასკა არის სააღდგომო ტკბილეული, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს და მისი მირთმევა ყველას უნდა შეეძლოს. ამიტომ, შევძელით, რომ ფასი მინიმალურად გაგვეზარდა. რა თქმა უნდა, ხარისხი იგივეა, თუ მეტი არა.
ჩვენთან [პასკა] შარშან 35 ლარი ღირდა, წელს 40 ლარი ეღირება, რაც საკმაოდ დიდი ზრდაა, მაგრამ ესეც მინიმუმია, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ზოგადად, წელს სააღდგომო ტკბილეულის ფასი ძალიან არის გაზრდილი“, – ამბობს საკონდიტროს დამფუძნებელი.
