აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ახალ შეხვედრას რუსულ მხარესთან, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ შეუერთდნენ უკრაინაში ომის შეწყვეტის ჩარჩო-შეთანხმებას. ინფორმაციას ავრცელებს ტელეარხი CNN წყაროებზე დაყრდნობით.
ტელეარხის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ ჩარჩო-შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის ხაზის გასწვრივ, ხოლო აშშ მზად არის, აღიაროს რუსეთის კონტროლი ანექსირებულ ყირიმზე. შეთანხმების სხვა დეტალები არ კონკრეტდება.
მანამდე სააგენტო Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ შეთავაზების თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორია დარჩება მოსკოვის კონტროლის ქვეშ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას ცეცხლის ხანგრძლივად შეწყვეტის შემთხვევაში.
აშშ-ის შეთავაზებები წარმოდგენილი იყო უკრაინული და ევროპული მხარეებისთვის პარიზში გამართულ შეხვედრაზე 17 აპრილს; ისინი ასევე გადაეცა რუსულ მხარეს – აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს.
ჩარჩო-შეთანხმების ზოგიერთი ელემენტის დაზუსტება იგეგმება შეხვედრაზე უკრაინისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება.
სტივ უიტკოფი უკვე, სულ მცირე, სამჯერ შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
ფორუმი