17 აპრილს, აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელიც ეუთოსთან დაკავშირებული უსაფრთხოების და თანამშრომლობის კომისიის თანათავმჯდომარეა, წერილით მიმართა ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადების თხოვნით.
“როგორც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, მე მოვუწოდე ეუთოს გენერალურ მდივან სინირლიოგლუს, გადადოს თავისი ვიზიტი თბილისში. ნებისმიერი ვიზიტი არალეგიტიმური ივანიშვილის რეჟიმთან მხოლოდ აღქმული იქნება, როგორც მათი ტირანული ძალაუფლების მხარდაჭერა. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველ ხალხთან ერთად!”, – წერს უილსონი X-ზე.
წერილში უილსონი აღნიშნავს, რომ ვიზიტის ეს ეტაპი ნაკლებად პრიორიტეტულია საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონში მეტი ყურადღება სჭირდება სომხეთსა და აზერბაიჯანს. კონგრესმენის თქმით, მაღალი დონის შეხვედრები მმართველ პარტიასთან („ქართული ოცნება“) შესაძლოა აღქმული იქნას როგორც მთავრობის მოქმედებების ლეგიტიმაცია.
უილსონი განსაკუთრებით ხაზს უსვამს ეუთოს მონიტორების დასკვნებს, რომლებიც 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით აჩვენებენ, რომ პროცესი თავისუფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების შეზღუდვებით იყო დატვირთული. წერილში იგი აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დონორების საქმიანობას, რითაც შეზღუდვები იზრდება.
კონგრესმენი აფრთხილებს, რომ თბილისში ვიზიტი „ქართული ოცნების“ მთავრობას და მის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს მხარდაჭერად შეიძლება იქნას აღქმული, თუნდაც ასეთი განზრახვა არ არსებობდეს. უილსონი გენერალურ მდივანს სთხოვს ვიზიტის გადადებას მანამ, სანამ ქვეყანაში ვითარება არ გაუმჯობესდება, როგორც ეს ეუთოსა და ODIHR-ის მიერ დასახული სტანდარტების შესაბამისია.
