GWP უპირობო ლიდერია, რომელთანაც ყველაზე მეტი პრობლემა აქვს მომხმარებელს – ენერგოომბუდსმენი

2024 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის სამსახურში წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებზე საქმის წარმოება 244 განცხადების საფუძველზე დაიწყო – ამის შესახებ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ყველაზე მეტი განცხადება Georgian Water and Power-ის მომსახურებაზე დაიწერა.
“ყველაზე მთავარი პრობლემა გახლავთ წყალმომარაგების ხშირი წყვეტა. არის სასმელი წყლის და არის წყალარინების სისტემები და ორივეს გამართულად მუშაობის ვალდებულება აქვს კომპანიას. ამ კუთხით საკმაოდ ბევრი განცხადება მივიღეთ და GWP არის უპირობო ლიდერი, რომელთანაც ყველაზე მეტი პრობლემა აქვს მომხმარებელს. ხშირია [წყალმომარაგების] წყვეტა და, რაც წელს ყველაზე მეტად გამოიკვეთა, ხშირია დაგვიანებული რეაგირება კომპანიების მხრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხელ ხაზზე შეიძლება ფიქსირდება შეტყობინება, მაგრამ კომპანია რატომღაც დაგვიანებით მიდის ადგილზე. ამასთან დაკავშირებით კომპანიის განმარტება იყო, რომ თბილისი არის გადაჭედილი, ჭირს მოძრაობა, ქუჩა უნდა გადაიკეტოს და ვერ ხერხდება”, – განაცხადა გულეიშვილმა.