ლარი ვალუტების უმრავლესობასთან, მათ შორის ევროსთან მიმართებაში უფასურდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ სავალუტო შემოდინებები, ფულად გზავნილები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იკლებს – აკაკი ცომაია
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7558 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.15 თეთრით გამყარდა. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 7.41 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1259 ლარი გახდა.
,,კომერსანტი” დაინტერესდა, რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის ასეთი გაცვლითი კურსი. კითხვით ჩვენ ეკონომისტს აკაკი ცომაიას მივმართეთ. ის განმარტავს, რომ გლობალურად დოლარი გაუფასურებას განიცდი, რის გამოც ლარი მასთან მიმართებაში გამყარდა. მისივე თქმით, ეროვნულ ვალუტას ძირითადად დოლართან მიმართებაში ვაკვირდებით, თუმცა დღეს მსოფლიოში განსხვავებული პროცესები მიმდინარეობს. აკაკი ცომაია აცხადებს, რომ ქართული ლარი დოლარის გარდა სხვა ვალუტებთან მიმართებაში უფასურდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ სავალუტო შემოდინებები, ფულად გზავნილების მოცულობა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იკლებს.
,,დოლარი გლობალურად უფასურდება მსოფლიო ბაზარზე ყველა ვალუტის მიმართ, მათ შორის ევროს მიმართაც. შესაბამისად, გასაკვირი არ არის რომ დოლარი ლარის მიმართაც გაუფასურდა. ჩვენ ლარის კურსს ვუყურებთ ხოლმე დოლართან მიმართებაში იმ პირობებში, რომ პროცესები ნორმალურ ჩარჩოებში მიდის და არა ისე, როგორც დღეს მიდის მსოფლიოში. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევხედოთ ევროსთან მიმართებაში რა ხდება. როგორც წესი, ლარი როცა უფასურდება, უფასურდება როგორც დოლარის, ასევე ევროსა და სხვა ვალუტების მიმართ. ამდენად, ჩვენ უნდა შევხედოთ ამ საკითხს იმ კონტექსტში, რომ ლარი დოლარის გარდა სხვა ვალუტების მიმართ გაუფასურდა. რაც იმის მომასწავებელია, რომ ის პერიოდი როცა მყარდებოდა ლარი, ახლა დაიწყო უკუპროცესი, ლარი ვალუტების უმრავლესობასთან, მათ შორის ევროსთან მიმართებაში უფასურდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ სავალუტო შემოდინებები, ფულად გზავნილები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იკლებს”, – აცხადებს აკაკი ცომაია.
