ჩინეთი ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიის შედეგს შეიძლება, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს აზიის უსაფრთხოებაზე – მარკ რუტე
ჩინეთი ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიის შედეგს შეიძლება, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს აზიის უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
ტოკიოში, კეიოს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, რუტემ განაცხადა, რომ კონფლიქტმა გამოავლინა კავშირები ევროპისა და წყნარი ოკეანის უსაფრთხოების გარემოებებს შორის.
„მსოფლიო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში ომს და მის შედეგებს. ჩინეთი ნამდვილად აკვირდება. ჩვენ პუტინს ძალის გამოყენებით თავისი მიზნების მიღწევის საშუალებას თუ მივცემთ, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება. დღეს უკრაინაა, ხვალ შეიძლება, აღმოსავლეთი აზია იყოს“, – განაცხადა რუტემ.
ამასთან, რუტეს თქმით, „სრულიად ლოგიკურია“, რომ ევროპელმა ნატო-ს მოკავშირეებმა პროცენტულად გაუთანაბრონ საკუთარი თავდაცვის ხარჯები აშშ-ის ხარჯებს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ სურს, გააგრძელოს ეს პოლიტიკა, შესაძლოა, უფრო დაჩქარებულადაც, რათა უფრო მეტად შემობრუნდეს აზიისკენ. ეს სრულიად ლოგიკურია და ისიც, რომ მათ სურთ, ევროპელმა და კანადელმა ნატო-ს მოკავშირეებმა უფრო მეტი ტვირთი აიღონ, გაინაწილონ ტვირთი უფრო თანაბრად, სამართლიანად. მხოლოდ ლოგიკურია, რომ როდესაც აშშ თავისი მშპ-ს 3.4-3.5%-ს ხარჯავს თავდაცვაზე, უნდათ, რომ ევროპის ხარჯები მათ გაუთანაბრდეს. მთლიანობაში, ჩვენ თავდაპირველ 2%-ზე დავრჩებით, ვერ შევძლებთ საკუთარი თავის დაცვას“, – განაცხადა რუტემ.
