ლისის ტბის მიმდებარედ სპორტული დარბაზი აშენდება – სახელმწიფომ „შედევრი 2024“-ს მიწა ₾10.2 მლნ-ად მიჰყიდა

სახელმწიფო კომპანია „შედევრი 2024“-ს თბილისში, ლისის მიმდებარედ, ონკოლოგიური ცენტრის გვერდით მიწის ნაკვეთს 10 290 000 ლარად პირდაპირი ფორმით მიჰყიდის. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლის ფართი 14 936 კვ.მ.-ია კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცემა, რაც სპორტული დარბაზის მოწყობას ითვალისწინებს. მიწა ონკოლოგიურ ცენტრსა და ინტენსიფიკაციის გზა შორის მდებარეობს.
უფრო კონკრეტულად კი პირობების მიხედვით, „შედევრი 2024“-მა საპრივატიზაციო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში უნდა დაფაროს. ამასთან, 4 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთის არანაკლებ 300 კვ.მ-ზე დახურული სპორტული დარბაზი უნდა მოაწყოს, რომელიც საშხაპეებს, გამოსაცვლელ ოთახებს მოიცავს. ამისთვის კი მინიმუმ 5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
საინვესტიციო პირობების შესრულებიდან 6 თვეში 300 კვ.მ. ფართობის სპორტული დარბაზი და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი ცალკე უფლების ობიექტად უნდა დარეგისტრირდეს და მყიდველის საკუთრება უნდა გახდეს.
განკარგულების მიხედვით, „შედევრი 2024“ ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ამ პროექტის განხორციელებისთვის დოკუმენტით გათვალისწინებული ინვესტიციის 10%-ის უპირობო, გამოუხმობი საბანკო გარანტია წარადგინოს.
სამეწარმეო ამონაწერის მიხედვით, „შედევრი 2024“ 2024 წლის 28 ოქტომბერს არის დაფუძნებული. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ალექსი ღვინაშვილია, რომელიც ასევე აიპ კაჭრეთის ძიუდო კლუბი გლადიატორის“ დირექტორია. არასამეწარმეო იურიდიული პირი 2014 წელსაა დარეგისტრირებული.