ტრამპის ადმინისტრაციასთან ძალიან კარგი დიალოგი გვაქვს – ლევან დავითაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ -ის სატარიფო გადასახადი საქართველოსაც შეეხო, საქართველო განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნების რიგშია, რომლებსაც დაბალი, 10%-იანი სატარიფო განაკვეთი შეეხო.
როგორც დავითაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, თუ აშშ-ის ახალი სატარიფო გადასახადები გრძელვადიანი მოცემულობა იქნა და ეს ინვესტორებმა დაინახეს, შესაძლოა საქართველოში დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს.
“ტრამპის ადმინისტრაციასთან ძალიან კარგი დიალოგი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რასაც შეიძლება ყურადღება მივაქციოთ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოიღო ახალი სატარიფო პოლიტიკა, მათ შორის, ყველა ქვეყანასთან მიმართებაში და საქართველო არ არის გამონაკლისი. თუმცა, განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნები გამოიყო, სადაც ყველაზე დაბალი სატარიფო განაკვეთი 10%-იანი დაწესდა და საქართველო ზუსტად ამ ქვეყნების რიგშია. საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი გვაქვს აშშ-ში ექსპორტის განხორციელების პირობებში. აშშ-თან ჩვენს სავაჭრო სტრუქტურას რომ შევხედოთ, დაახლოებით, საქართველოდან 150 მილიონ დოლარამდე პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება. აქედან დიდი ნაწილი ფეროშენადნობებზე მოდის. ეს 60%-ზე მეტია. ამ შემთხვევაში, ფეროშენადნობებს ტარიფები არ ეხება. აქედან გამომდინარე, აქ არც უპირატესობა გვექნება და არც დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორია. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა პროდუქტები, რომლებიც 10%-ით დაიბეგრება, მთლიანი დამატებითი ხარჯი, დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იქნება, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნულოვანია, არაფერს არ წარმოადგენს.
როგორც ზოგიერთი ეკონომისტი აღნიშნავს, გარკვეული პოზიტიური ეფექტის მიღების შანსი აქ არის. მაგალითად, ის პროდუქტები, რომლებიც ჩვენგან ექსპორტირებული 10%-ის რეჟიმში იბეგრება, ასეთია ღვინო, შეიძლება უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს სხვა იმპორტულ ღვინოსთან მიმართებაში. აშშ საკმაოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს ღვინოს ევროპიდან, ასევე ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებიდან და რა თქმა უნდა, 10%-იანი გადასახადი, არსებულ 4%-თან ერთად, ანუ ჯამში 14%-იანი გადასახადი სხვა ქვეყნების 30%-იან გადასახადებთან შედარებით უპირატესია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ეკონომიკურად წაახალისოს იგივე ღვინის ექსპორტი აშშ-ში. თუ გრძელვადიანი მოცემულობა იქნა ასეთი და ეს დაინახეს ინვესტორებმა, შესაძლოა დამატებით ინვესტიციებს ველოდოთ საქართველოში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.