“ნაციონალური მოძრაობის” გუნდი არ არსებობს, დაშლილია, ყველაფერი ცხადი და ნათელია – კახა კალაძე

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნის შესახებ, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” ჩამოშლილია.
“ვხედავთ, ვინ არიან პარტიის ლიდერები, ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე და ჩვენი გასარჩევი, ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი პარტია, ვართ ქვეყნის ხელისუფლებაში, არის ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, რომელსაც სჭირდება მოგვარება.
გამიჭირდება შეფასებები გავაკეთო და გავარჩიო “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენები. ერთი რამ ცხადია, რომ გუნდი არ არსებობს, ჩამოშლილია, დაშლილია. ახლა ცხადია, ხაბეიშვილი რომ გეყოლება პარტიის თავმჯდომარედ, ლიდერად, ყველაფერი ნათელია,” – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი სპეკულაციების ნაწილი იყო და მას ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონია.
“ალბათ შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას. ცხადია, მას არასდროს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. უბრალოდ კამპანიას აწარმოებდა ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. თუკი რაიმე დაავადება არსებობს მსოფლიოში, ამ ადამიანს თითქოს ყველა დაავადება ჰქონდა, ასე საუბრობდნენ და ამბობდნენ მისი მხარდამჭერები,” – ამბობს კალაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. “ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი,” – განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, 20-25-კაციანი კომიტეტის ბირთვი, “ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე