მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, ქართული ოცნების მხრიდან მედიის უფლებების დარღვევა და დამოუკიდებელი მედიის სისტემური შეზღუდვა გრძელდება.
განცხადებაში საუბარია TV პირველის ჟურნალისტ ნატა ქაჯაის, სამხრეთის კარიბჭისა და ტოკ ტვ-ის წარმომადგენლებზე.
განცხადებაში წერია, რომ რიგ შემთხვევებში მათი ჩარევა არ წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევებს, არამედ ქართული ოცნების მედიის თავისუფლების შეზღუდვის სტრატეგიის ნაწილია.
“ამჯერად, „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას პარლამენტში მუშაობა აეკრძალა ექვსი თვით, ხოლო ახალციხეში „სამხრეთის კარიბჭის“ და „ტოკ ტვ“-ს წარმომადგენლებს მერიაში საჯარო შეხვედრაზე დასწრების უფლება შეუზღუდეს.
ნატა ქაჯაიას პარლამენტში შესვლის აკრძალვას, „ქართული ოცნების” განმარტებით, საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ ჟურნალისტმა გააგრძელა ვიდეოგადაღება მას შემდეგ, რაც მას უარი ეთქვა ინტერვიუს ჩაწერაზე. ნატა ქაჯაიას და მის კოლეგებს წარსულში უკანონოდ არაერთხელ შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობის უფლება. მოქმედი რეგულაციებით, პარლამენტი საკუთარ თავს აძლევს უფლებას, დაუსაბუთებლად დააწესოს შეზღუდვები ჟურნალისტებისთვის და ხელი შეუშალოს კრიტიკულ გაშუქებას.
“ქართული ოცნების” სამიზნეა რეგიონული მედიაც. ჟურნალისტებისთვის დაიხურა ახალციხის მერიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა, რომელიც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიზნით იყო შექმნილი. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს – „სამხრეთის კარიბჭეს“ და „ტოკ ტვ“-ს – უკანონოდ არ მისცეს სხდომაზე დასწრების ნებართვა.
მსგავსი ჩარევა არ წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევებს, არამედ „ქართული ოცნების“ მედიის თავისუფლების შეზღუდვის სტრატეგიის ნაწილია. რეჟიმი სისტემურად ძალადობას დამოუკიდებელ მედიაზე, ჟურნალისტებს უკანონოდ ეშლებათ ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ადგილი აქვს პერმანენტული თავდასხმის, დაშინების, შეურაცხყოფისა და დეზინფორმაციის ფაქტებს. დღემდე არ დამდგარა პასუხისმგებლობა არც ერთი იმ პირისთვის, ვინც აღნიშნული სისტემური დანაშაულის ბრძანება გასცა თუ აღასრულა.
მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ არსებული პოლიტიკა ავტორიტარული რეჟიმების მახასიათებელია, რაც თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც არსებული გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ აგრძელებენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას და საზოგადოების ინფორმირებას”, – წერია განცხადებაში.
