პროფკავშირების გაერთიანება შპს “რუსთავის ფოლადში” მიმდინარე გაფიცვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

პროფკავშირების გაერთიანება შპს “რუსთავის ფოლადში” მიმდინარე გაფიცვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფიცვის დაწყებიდან მეორე დღეს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და ინფორმირების გარეშე კანონიერი გაფიცვის აქტიურ მონაწილეებს მიუვიდათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ მოხდა საბოლოო ანგარიშსწორება და გათავისუფლებულები არიან სამსახურიდან.
პროფკავშირების გაერთიანება აცხადებს, რომ კომპანიას კარგად აქვს გააზრებული, გაფიცვა არის კანონიერი და გაფიცულთა გათავისუფლება მხოლოდ მათ დაშინებას ემსახურება.
„2025 წლის 10 თებერვალს, შპს „რუსთავის ფოლადში“ დასაქმებულთა/პროფკავშირის წევრთა სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინებით, პროფკავშირმა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიაციის დაწყების მიზნით დავის მედიატორის დანიშვნის თაობაზე.
დასაქმებულთა მოთხოვნები შეეხებოდა, მათ შორის: ხელფასების მატებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გაზრდას, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას, კომპანიის პრემირების პოლიტიკის გადახედვას, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას.
კოლექტიურ დავაზე დანიშნულმა მედიატორმა არაერთგზის ცადა მოლაპარაკების მაგიდასთან დასაქმებულებთან და მათ წარმომადგენელთან – პროფკავშირებთან ერთად დაესვა კომპანია, თუმცა უშედეგოდ.
შპს „რუსთავის ფოლადში“ კანონიერი გაფიცვა დაიწყო 2025 წლის 22 მარტს.
გაფიცვის დაწყებიდან მე-2 დღეს, 2025 წლის 24 მარტს, საღამოს საათებში 19:00 საათის შემდგომ, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და ინფორმირების გარეშე კანონიერი გაფიცვის აქტიურ მონაწილეებს მიუვიდათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ მოხდა საბოლოო ანგარიშსწორება და გათავისუფლებულები არიან სამსახურიდან.
კომპანიას კარგად აქვს გააზრებული, რომ გაფიცვა არის კანონიერი და მითითებული ქმედება ემსახურება მხოლოდ გაფიცულთა დაშინებას. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2025 წლის 26 მარტს, კომპანიამ, გაფიცულთა ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ, შესთავაზა სამსახურში უპირობოდ დაბრუნება, ამ შემთხვევაში კი სამსახურში აღადგენდა გათავისუფლებულ თანამშრომლებს და ამასთან, ჩაურიცხავდა თებერვლისა და მარტის თვის პრემიებს.
კომპანიამ, სამსახურიდან გათავისუფლებულ გაფიცულ თანამშრომელთა ნაწილს ჩააბარა შეტყობინება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი გათავისუფლდნენ სამსახურიდან 2025 წლის 9 და 10 თებერვალს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო, რის გამოც კომპანიას მიადგა დღეში 400 000,00 დოლარის ზიანი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2025 წლის 9 და 10 თებერვალს პროტესტში მონაწილე დასაქმებულებსა და კომპანიას შორის, რუსთავის მერიის ჩართულობით, მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სამუშაო პროცესი გაგრძელდა იმ დროისთვის, ხოლო კომპანიამ დაადასტურა, რომ არ ჰქონდა არანაირი პრეტენზია არცერთი პროტესტში მონაწილე თანამშრომლის მიმართ. მხარეებმა აიღეს ვალდებულება გაეგრძელებინათ დიალოგი. საგულისხმოა, რომ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახლდათ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა დასაქმებულთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
როგორც კომპანია მის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნავს, 2025 წლის 9 და 10 თებერვალს კომპანიას ყოველდღიურად მიადგა ზიანი 400 000,00 აშშ დოლარს. როდესაც კომპანიას აქვს ამხელა რესურსი, სრულიად გაუგებარია უარი დასაქმებულების მინიმალური, სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
პროფკავშირები გავაკეთებთ ყველაფერს გაფიცული თანამშრომლების ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.