მასობრივი დაკავების მიუხედავად, საპროტესტო აქციები თურქეთში არ წყდება

26 მარტს, მიუხედავად მთავრობის მხრიდან გაძლიერებული რეპრესიებისა და 1500-მდე პირის დაკავებისა, თურქეთში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.
მიმდინარე დემონსტრაციები 2013 წლის გამოსვლების შემდეგ ყველაზე ხალხმრავალია. გამოსვლები დაიწყო 19 მარტს სტამბოლის ოპოზიციონერი მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ. მის მიმართ დაიწყო გამოძიება კორუფციასა და ტერორიზმის მუხლებით, რასაც მისი მომხრეები „გადატრიალებად“ თვლიან.
ხალხის უზარმაზარი მასები მონაწილეობენ დემონსტრაციებში სტამბოლში, ანკარაში და იზმირში, მიუხედავად აქციების მოწყობის აკრძალვისა. მღელვარება გავრცელდა მთელ ქვეყანაში.
ტაქტიკის შესაძლო ცვლილების მიზნით, მთავარმა ოპოზიციურმა, „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ (CHP) განაცხადა, რომ აღარ მოუწოდებს ხალხს ღამის საპროტესტო აქციისკენ 26 მარტს, რათა მომავალ შაბათს დიდი დემონსტრაციის გამართვა გახდეს შესაძლებელი.
გაბრაზებულ სტუდენტებს შორის, რომლებიც სულ უფრო გამორჩეულ როლს ასრულებენ საპროტესტო აქციებში, ყველა არ არის CHP-ის მხარდამჭერი, და ისინი ქუჩაში დარჩენას აპირებენ. უმეტეს შემთხვევაში, საპროტესტო აქციები გადაიზარდა სპეცრაზმთან შეტაკებაში, რომლის მკაცრმა ქმედებამ შეაშფოთა უფლებადამცველი ჯგუფები.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ პოლიციამ 25 მარტს, შუადღისთვის 1418 ადამიანი დააკავა. მათ შორის იყო 11 თურქი ჟურნალისტი, რომლებიც აშუქებდნენ საპროტესტო აქციებს. მათგან შვიდი, მათ შორის AFP-ის ფოტოგრაფი იასინ აქგული, 25 მარტს დააკავეს. ეს ქმედება მკაცრად დაგმეს უფლებადამცავმა ჯგუფებმა.
-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გამოუცხადა აშშ-ის “შეშფოთება” ქვეყანაში ვითარების გამო, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლის თანახმად, რუბიომ “გამოთქვა შეშფოთება თურქეთში ბოლო დაპატიმრებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით”, – თქვა სპიკერმა ვაშინგტონში რუბიოსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე განიხილეს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხებში.
თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ 23 მარტს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა სტამბოლის არჩეული მერი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექრემ იმამოღლუ. 53 წლის იმამოღლუს, რომელიც დააპატიმრეს 19 მარტს, მიიჩნევენ ერთადერთ პოლიტიკოსად, რომელსაც შეუძლია არჩევნებში აჯობოს თურქეთის დიდი ხნის ლიდერს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს.