ბელგრადის ცენტრის ქუჩებში გამოსული ათი ათასობით მოქალაქის საპროტესტო აქციის შემდეგ, რომელიც 15 მარტს სტუდენტების ხელმძღვანელობით გაიმართა, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი აღიარებს ქვეყნის ხელისუფლებისკენ მიმართულ „დიდი რაოდენობით ნეგატიურ ენერგიასა და სიბრაზეს“ და ამბობს:
„როცა ამდენი ხალხი იკრიბება, ხელისუფლებაში მყოფმა თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს მესიჯი. ჩვენ უნდა შევცვალოთ საკუთარი თავები“, – ამის შესახებ მან 15 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ბელგრადის ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გავიდა საპროტესტო აქციაზე.
ვუჩიჩის განცხადებით, ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 88 ათასიდან 107 ათასამდე იყო.
თუმცა, ორგანიზაცია „საზოგადოებრივი შეკრებების არქივის“ ინფორმაციით, რომელიც საპროტესტო აქციებზე შეკრებილი ხალხის რაოდენობას ითვლის, ბელგრადის ქუჩებში გამოსული ხალხის რაოდენობამ 275 ათასიდან 325 ათას ადამიანამდე შეადგინა.
დემონსტრანტებს 15 მარტს ეჭირათ დროშები და პლაკატები, ისინი რამდენიმე ადგილას შეჩერდნენ და ბოლოს პარლამენტის შენობის წინ მოიყარეს თავი.
დემონსტრანტები მოითხოვენ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მთავრობის ანგარიშვალდებულების დაყენებას გასული წლის ნოემბერში ნოვი-სადში მომხდარ ტრაგედიაზე, როცა რკინიგზის სადგურთან ბეტონის საფარის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
უბედური შემთხვევის შემდეგ დაწყებული სტუდენტური აქციები გადაიზარდა უფრო ფართო მოძრაობაში, რომელიც აკრიტიკებს ვუჩიჩის პირობებში კანონის უზენაესობის სისუსტეს და სისტემურ კორუფციას.
ვუჩიჩი 2017 წლიდანაა პრეზიდენტი, მანამდე ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
