მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს გელა მთივლიშვილზე თავდასხმას

მედიის ადვოკატირების კოალიცია „მთის ამბების” რედაქტორსა და ჟურნალისტზე, გელა მთივლიშვილზე თავდასხმას გმობს.
„ეს შემზარავი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მედიის წარმომადგენლები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობენ“, — აცხადებს მედიის ადვოკატირების კოალიცია.
კოალიცია ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი „ქართული ოცნების” მხრიდან თავდასხმის სამიზნე ხდება პროფესიული საქმიანობის გამო, რამეთუ მისმა გამოძიებებმა არაერთი კორუფციის შემთხვევა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი გამოავლინა.
„რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის არსებული ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. „ქართული ოცნება” ღიად ძალადობს ქართველ ხალხსა და დამოუკიდებელ მედიაზე. გასული წლის 28 ნოემბრიდან დღემდე „ქართული ოცნების” სამართალდამცველისა თუ რეჟიმთან დაკავშირებული უკანონო ფორმირებების მონაწილეობის ასზე მეტი ინციდენტი მოხდა მედიის წინააღმდეგ, მათ შორის ფიზიკური თავდასხმა, უკანონოდ საქმიანობის ხელის შეშლა, შეურაცხყოფა, მუქარა, თუმცა არცერთი დამნაშავე იქნა იდენტიფიცირებული და დასჯილი. პოლიტიკური პატიმარი მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება, რაც ასევე ნათლად მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის დამოკიდებულებას მედიის თავისუფლებისადმი“, — ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს და ყველა ჟურნალისტს, ვინც მუქარისა და თავდასხმების მიუხედავად აგრძელებს საქმიანობას საზოგადოების ინფორმირებისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში.
გელა მთივლიშვილის განცხადებით, 15 მარტს წეროვანთან, ავტობანზე მას და მის კოლეგას თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ინციდენტის შემდეგ მანქანით აედევნენ.