თბილისის მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება გრძელდება

თბილისის მერია პროევროპული აქციებს პარალელურად დაწყებული „რეორგანიზაციის“ ფარგლებში თანამშრომლების გათავისუფლებას განაგრძობს. თბილისის მერის, კახა კალაძის ხელმოწერილი გადაწყვეტილება, რომლითაც თანამშრომელთა ნაწილს დაკავებულ თანამდებობებს ატოვებინებდნენ, დღეს, 14 მარტს გამოიცა.
„ისევე როგორც 400-მდე სხვა საჯარო მოხელეს, არც მე და არც ჩემს თანამშრომლებს გვაპატიეს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა და პეტიციაზე ხელმოწერა!“ – დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის მერიის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა ლიანა (ლიკა) დავითაძემ. ის ამ განყოფილების უფროსად 10 წელი მუშაობდა.
მისი თქმით, მისი განყოფილებიდან გაათავისუფლეს მხოლოდ ის ადამიანები, რომლებაც საჯაროდ გავრცელებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი – ისინი გაემიჯნენ „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მხრიდან აღარ დადგებოდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკების საკითხი.
„განცხადებაზე ხელმომწერთა ზეწოლა მისი გამოქვეყნების დღიდან დაიწყო. ბევრს ხელმოწერის უკან გატანა მოუწია, ბევრი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მე და ჩემს საამაყო თანამშრომლებს აზრი არ შეგვიცვლია და ხელმოწერა უკან არ მიგვაქვს – ჩვენ ვრჩებით საქართველოს სახელმწიფოს და მისი მთავარი გზამკვლევის – საქართველოს კონსტიტუციის ერთგულნი“, – ამბობს დავითაძე.
ამავე განცხადების ხელმომწერია მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ჯაბა ქარელიც. არც მისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი კახა კალაძის გადაწყვეტილება:
„მე – ჯაბა ქარელი, ერთი წამითაც არ ვნანობ, არცერთ ჩემს ნაბიჯს საჯარო სამსახურში ყოფნის მანძილზე. მე მაშინაც ღირსეულად ვიცავდი საჯარო მოხელის ფიცს, როდესაც თქვენ ქვეყანაში რუსულ კანონებს ამტკიცებდით და მაშინაც, როდესაც ევროპულ არჩევანზე უარის თქმით თქვენივე მიღებულ კონსტიტუციას არღვევდით, საკუთარ სამშობლოს ღალატობდით“.
სამსახურიდან გაათავისუფლეს თამთა კაჭახიძეც – მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა პროგრამების უფროსი. ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ მისი სამუშაო ადგილი (შტატი) გააუქმეს.
„არ გავჩერდებით, სამსახურის დაკარგვა არაფერია, ქვეყნის დაკარგვის შიში გვაქვს ჩვენ! თქვენ არ იცით, რას ნიშნავს, როცა შენს უკან სიმართლეა. საიდან გეცოდინებათ, აღარავინ დარჩა თქვენს რიგებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ისეთი, ვისაც ეს ოდესმე გამოუცდია ან უბრძოლიათ“, – წერს სოციალურ ქსელში თამთა კაჭახიძე.
რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში უთხრეს, რომ ხელშეკრულებები უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში შეწყდა.
თბილისის მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყეს – პირველ ეტაპზე სამსახურიდან გაათავისუფლეს პრესსამსახურის თანამშრომელი თაია მახარაშვილი და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე. თუმცა პროცესი ამით არ დასრულებულა.
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არ წყდება პროევროპული აქციები ახალი ს ჩატარების მოთხოვნით, „ქართული ოცნება“კი დემონსტრაციების პარალელურად ამკაცრებს კანონებს – შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, გაზარდა ჯარიმები და გაამარტივა საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – თუ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხა საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, რატომ უნდა იწვევდეს მისი საჯაროობა გააფთრებულ წინააღმდეგობას?! ე.ი. ეს ფული არაკანონიერი ქმედებების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა