ოცნება კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს

ქართული ოცნება ერთპარტიულ, არალეგიტიმურ პარლამენტში ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს.
ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ამ მიმართულებით პარლამენტში წარდგენილია რვა სხვადასხვა კანონში ცვლილება – მათ შორის არის სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონებში ცვლილებები.
ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ნორმები, რომლითაც დგინდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებისთვის, როგორიც არის: – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღება; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გაყიდვა; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა.