თეატრალურმა უნივერსიტეტმა პროტესტში ჩართული სტუდენტებს ნაწილს სტატუსი შეუწყვიტა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, რომლებიც სახალხო პროტესტში არიან ჩართულები, უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.
ამის შესახებ სტუდენტებს მეილით მიწერეს. ინფორმაციას უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.
“როგორც თქვენთვის ცნობილია, გაიმართა ეთიკის კომისიის სხდომა სადაც განხილული იყო სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი. გაცნობებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, თქვენ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სამ სამუშაო დღის ვადაში”- ნათქვამია ელექტრონულ ფოსტაში, რომელის სტუდენტებს მიწერეს.
9 მარტს პოლიციამ თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილს 5000-ლარიანი ჯარიმები გამოუწერა.
სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტმა შენობაში შეწამვლითი სამუშაოები ისე დაიწყო, რომ სტუდენტები არ გააფრთხილა. მათი თქმით, ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოუწოდა, რომ პროტესტის გასაგრძელებლად სხვა სივრცე გამოეყენებინათ, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს. მათი თქმით, შემოთავაზებული სივრცე პატარა იყო.
ამაზე სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც უნივერსიტეტმა პოლიცია გამოიძახა.