დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი მსახიობები კამპანიას აწარმოებენ საქართველოში რეჟიმის პატიმრების, მათ შორის, მათი კოლეგების მხარდასაჭერად, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.
ნატალია ჯუღელი, იოსებ ხვედელიძე, მარიამ ხუნდაძე, ბიჭიკო ჭეიშვილი, ნინი უგულავა ის მსახიობები არიან, რომლებიც, კამპანიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე პროტესტზე, მის წინაპირობებზე უყვებიან, მათ შორის, სცენიდან და ნეიტრალურ, არაინფორმირებულ მაყურებელში სოლიდარობის გაღვივებას ცდილობენ ქართველი სინდისის პატიმრების მიმართ.
კამპანიის ნაწილია პერფორმანსი „წერილები საქართველოდან“, სადაც მსახიობები რეჟიმის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს კითხულობენ — მზია ამაღლობელის, ანდრო ჭიჭინაძის, რეზო კიკნაძის, ზვიად ცეცხლაძის წერილებს. დოკუმენტურ მასალასთან ერთად, აცოცხლებენ ისტორიებს წარსულიდან და აწმყოდან, ამბებს ძველი და ახალი რეპრესირებულების შესახებ. ტექსტის ავტორი ამ წარმოდგენისთვის თავად ერთ-ერთ მონაწილე მსახიობი, ნატალია ჯუღელია. პერფორმანსი ლონდონში ოთხ მარტს შედგა, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმე განიხილა და გადაწყვიტა, რომ ის პატიმრობაში დაეტოვებინა.
„წერილები საქართველოდან“ ჩვენი პასუხია რეპრესიული რეჟიმისა და მისი უსამართლობის მიმართ, რასაც საქართველოს მოქალაქეების მიმართ იჩენს. ეს არის სასიყვარულო წერილიც ჩვენი კოლეგებისა და ზოგადად, ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც არაერთ სიძნელეს გაუძლო საბჭოთა პერიოდიდან დღემდე.
[…] ჩვენ, მსახიობები, რომლებიც ლონდონში მოწყვეტილები ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, უმწეოდ ვგრძნობთ ხშირად თავს და გვინდა, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლოს. ეს ტექსტი ჩვენი პასუხია და ჩვენი გზა მხარდაჭერის გამოსახატად. ხელისუფლება ხელოვნურად ზრდის ჯარიმებს პროტესტის ჩასახშობად, მაგრამ ხალხი აგრძელებს პროტესტს. ფინანსური მხარდაჭერა ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, — ამბობს ნატალია ჯუღელი ბრიტანულ გამოცემასთან.
„წერილები საქართველოდან“ პერფორმანსის ორგანიზატორია Life Through Cinema (კინოში ასახული ცხოვრება), ლონდონის ქართული ფილმების ფესტივალი, რომელიც სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე ორიენტირებულ კინოზეა ფოკუსირებული.
კამპანია მიზნად ისახავს ასევე დონაციების შეგროვებას მზია ამაღლობელის მიერ დაარსებული მედიებისთვის, ასევე მედია „მაუწყებლისთვის“, „გილდიისთვის“, რომელიც დამოუკიდებელი პროფკავშირებია კულტურისა და მედიის სფეროში.
„რაღაც მომენტში, ვკითხულობთ, როგორ ავუხსნიდით დღევანდელ სიტუაციას თამარ წულუკიძეს და სანდრო ახმეტელს, ჰოდა, მგონი, პასუხი მაქვს — წავაკითხებდით წერილებს საქართველოდან, საბჭოთა რეჟიმიდან დღემდე“, — ამბობს ნატალია ჯუღელი.
· რატომ დააკავეს აქციიდან მიმავალი პროფესორი, რომელიც გაჩერებაზე წიგნს კითხულობდა
· პრესის თავისუფლების ხარისხი საქართველოში მკვეთრად დაეცა — ანგარიში
· “ოცნების” მთავრობა Agenda.ge-ს აუქმებს და ორსულ თანამშრომელს ათავისუფლებს
