ომბუდსმენი: ხელისუფლებას მოვუწოდებ გააძლიეროს ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას 8 მარტთან დაკავშირებით ავრცელებს, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში.
“ქალთა საერთაშორისო დღეს ვუერთდებით საერთაშორისო საზოგადოებას თემით: „ყველა ქალისა და გოგოსთვის: უფლებები, თანასწორობა გაძლიერება.“ წლევანდელი თემა ხაზს უსვამს ყველა ქალისა და გოგოსთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის აუცილებლობას და მოგვიწოდებს უფრო მეტად ვიმოქმედოთ რეალური ცვლილებების მისაღწევად.
ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ სავალდებულო კვოტირების მექანიზმის გაუქმება და გენდერული თანასწორობის თაობაზე ინიციირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან ხილულ თუ უხილავ ბარიერებს, როგორც პოლიტიკურ ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში”, – ნათქვამია განცხადებაში.