შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აგრძელებს ზეწოლას კიევზე, რათა უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს. მანამდე კი ის უკრაინულ მინერალებზე შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
6 მარტს ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ მოსკოვი მზად არის 3 წელზე მეტი ხნის წინ დაწყებული ომი დაასრულოს. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საუდის არაბეთში “ალბათ მომდევნო თვენახევრის განმავლობაში” შეხვდება.
„ჩემი აზრით, უკრაინას გარიგებაზე წასვლა სურს, ვინაიდან არ მგონია, რომ მათ [სხვა] არჩევანი ჰქონდეთ“, – თქვა მან. „ასევე ვფიქრობ, რომ შეთანხმება სურს რუსეთსაც, რადგან გარკვეული, განსხვავებული მიზეზით, რომელიც მხოლოდ მე ვიცი, მათაც არ აქვთ [სხვა] არჩევანი”.
ამერიკის პრეზიდენტს გზავნილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებისთვისაც ჰქონდა. “თუ ისინი არ გადაიხდიან, მე მათ დაცვას არ ვაპირებ”, – განაცხადა ტრამპმა ნატოს წევრებთან დაკავშირებით.
ცოტა ხნით ადრე, სტივ უიტკოფმა, პრეზიდენტის საგანგებო დესპანმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, თქვა, რომ ის საუდის არაბეთში გაემგზავრება და იქ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებას უკრაინის წარმომადგენლებთან გამართავს.
„ჩვენ ახლა უკრაინელებთან დისკუსიას ვაწარმოებთ რიადში შეხვედრის კოორდინაციის მიზნით, ან თუნდაც პოტენციურად ჯედაში“, – თქვა სტივ უიტკოფმა. მისი თქმით, მოლაპარაკების მიზანია “სამშვიდობო შეთანხმებისთვის სამუშაო ჩარჩოს განსაზღვრა და ცეცხლის პირველადი შეწყვეტა”.
საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრებზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ ორშაბათს, 10 მარტს ის თავად ჩადის საუდის არაბეთში, სადაც ტახტის მემკვიდრე პრინცს ხვდება.
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, მისი გუნდი დარჩება საუდის არაბეთში “ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ. უკრაინა ყველაზე მეტადაა დაინტერესებული მშვიდობით. როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარით, უკრაინა მუშაობს და იმუშავებს კონსტრუქციულად სწრაფი და საიმედო მშვიდობის მისაღწევად“, – დაწერა ზელენსკიმ. მან აღნიშნული განცხადება 6 მარტს, გვიან ღამით გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა.
