მედიის შემზღუდველი ახალი ცვლილებები კრიტიკული ტელევიზიების განადგურების მიზანს ემსახურება, – ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს, რითაც „ქართული ოცნების“ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება.
როგორც განცხაებაშია აღნიშნული, “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს.
განცხადების თანახმად, ხელისუფლების მიზანია, დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით. ამასთან, მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე.
„24 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიცირა, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებას.
პირველი მათგანის ამოცანაა გადაუჭრას კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსების საშუალებები იმ პირობებში, როდესაც სარეკლამო ბაზრის ობიექტური სიმცირისა და სხვა ფაქტორების გამო მხოლოდ სარეკლამო შემოსავლების ხარჯზე კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას არსებობის შენარჩუნება გაუჭირდება.
მეორე პაკეტის ამოცანაა გააფართოვოს და უფრო შემზღუდველი გახადოს დამოუკიდებელ სამაუწყებლო მედიაზე კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციული ზემოქმედების შესაძლებლობები, რაც საბოლოო ჯამში, საფრთხეს ისევ კრიტიკული მედიიის ფინანსურ მდგრადობას შეუქმნის.
შემოთავაზებული ცვლილებით თითქმის გაუქმების დონემდე მცირდება მაუწყებლობის თვითრეგულირების მექანიზმის როლი. ისეთ საკითხებს როგორიცაა მაგალითად, მედიაში გავრცელებული ფაქტების სიზუსტე და მიუკერძოებლობა, უმეტეს წილად, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია განიხილავს.
„უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების აკრძალვა:
ცვლილებათა პირველი პაკეტის თანახმად, იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება. შესაბამისად, აიკრძალება არა მხოლოდ პირდაპირი ფულადი დახმარება, არამედ ტექნიკის გადაცემა, ტრეინინგები, მედიის განვითარების პროგრამები და სხვ. გამონაკლისია მხოლოდ თანხის მიღება კომერციული რეკლამის, ტელეშოპინგის, სპონსორობის და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისათვის.
ზემოაღნიშნული გამონაკლისის გარდა, ასევე იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
ვინ არის „უცხოური ძალა?
„უცხოური ძალა“ განმარტებულია, როგორც:
ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
მაშასადამე, უცხოური ძალა არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ორგანო ან ორგანიზაცია, რომელიც ამა თუ იმ ფორმით სხვა სახელმწიფოსთან არის ასოცირებული. აკრძალული იქნება ასეთი პირის მიერ გაწეული ნებისმიერი სახის დახმარება, განურჩევლად იმისა, რაოდენ კეთილშობილურ და ამ ქვეყნისთვის საჭირო მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს იგი.
თვითრეგულირების მექანიზმის როლის მინიმიზაცია და კომუნიკაციების კომისიის როლის გაზრდა
„მაუწყებლობის შესახებ“ მოქმედი კანონის თანახმად, როდესაც საქმე ეხება ფაქტის ჯეროვან სიზუსტეს და მასზე პასუხის უფლებას, ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქების ვალდებულებას, ომის პროპაგანდას და საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემას, მაუწყებლების წინააღმდეგ საჩივარი პირმა შეიძლება წარადგინოს მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, რომლის გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.
“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებათა მეორე პაკეტის თანახმად, ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სხვა საკითხებზე საჩივრის შეტანა შეიძლება როგორც მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ისე კომუნიკაციების კომისიაში. ეს კი ნიშნავს, რომ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ნებისმიერი პირის მიერ საჩივრის შეტანა დე იურე კვლავ შესაძლებელი იქნება, მაგრამ ფაქტიურად ეს ფუნქცია კომუნიკაციების კომისიას გადაეცემა, რადგან თუ მიზანი მაუწყებლის დასჯაა, თითქმის ნულის ტოლია იმის შესაძლებლობა, რომ პირმა საჩივარი თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში შეიტანოს და არა კომისიაში.
დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.
ახალი მოთხოვნები მაუწყებლების მიმართ
ცვლილებათა მეორე პაკეტის თანახმად, ფართოვდება მოთხოვნები ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის საკითხებში.
ა) სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა „სამართლიანობის და მიუკერძოებლობის“ საფარველით
ცვლილების თანახმად, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.“
ეს ნორმა სხვა არაფერია, თუ არა კომუნიკაციების კომისიის აღჭურვა უფლებამოსილებით, ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში, რაც აუცილებლად გამოიწვევს შედეგად ცენზურას ან თუნდაც თვითცენზურას.
ასევე დამატებულია მოთხოვნა, რომ საავტორო პროგრამაში ადეკვატურად იქნეს წარმოდგენილი „ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება“. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.
ეს ბუნდოვანი ნორმა საშუალებას მისცემს კომუნიკაციების კომისიას „ფაქტის ან აზრის“ დამახინჯებად მიიჩნიოს მაუწყებლის ნებისმიერი ინტერპრეტაცია.
ბ) გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ვითომდაც „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ საბაბით
კანონს ემატება სპეციალური მუხლი, რომელიც ვითომდაც „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ დაცვას ემსახურება. სინამდვილეში მისი ნორმები მეტისმეტად ბუნდოვანია და შეიძლება გახდეს მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფუძველი.
მაგალითად, ერთ-ერთი ნორმის თანახმად, „საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას აუცილებელია შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.“
პირველ რიგში სამაუწყებლო მედიისთვის, და განსაკუთრებით საგამოძიებო მედიისთვის, ვიდეო-აუდიო ჩანაწერის გაკეთების უფლების შეზღუდვა ნიშნავს, რომ მას ფუნქცია წაართვა.
ასევე, ამგვარი შეზღუდვის მიზნებისთვის საჯარო და კერძო დაწესებულებების ერთმანეთთან გაიგივება და მათ მიმართ დაცვის ერთი და იგივე სტანდარტის მისადაგება დაუშვებელია, რადგან საჯარო დაწესებულება გადასახადის გადამხდელთა სახსრებით არსებობს და მათ უნდა შეეძლოთ ვიღაცის ნებართვის გარეშე მიიღონ, მათ შორის, აუდიოვიზუალური ინფორმაცია საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ.
მესამეც, როდესაც საქმე ეხება გამონაკლისს, კითხვებს წარმოშობს „საზოგადოებრივი ინტერესის“ ცნების შინაარსი. როდესაც მაუწყებელი ამა თუ იმ მოვლენას აშუქებს, იგი ცხადია „საზოგადოებრივი ინტერესით“ ხელმძღვანელობს. სხვა შემთხვევაში მისი პროგრამები საზოგადოებისთვის უბრალოდ უინტერესო იქნება. რაში მდგომარეობს საზოგადოებრივი ინტერესი, ეს, საინფორმაციო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის სფეროში მიღებული გადაწყვეტილების საგანი უნდა იყოს.
მაგრამ როდესაც ამგვარი ცნება კანონის ნორმის ნაწილი ხდება, მაშინ ამ საკითხის გადაწყვეტის ფუნქცია მაუწყებლის გარეთ – კომუნიკაციების კომისიაზე გადადის, რაც სარედაქციო პოლიტიკაში კიდევ ერთი გაუმართლებელი ჩარევის საფუძველს წარმოშობს.
ბუნებრივია, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს საკითხი კერძო სამართლის ფარგლებში, პირის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით უნდა გადაწყდეს და არა მაუწყებლის საქმიანობაში ადმინისტრაციული ჩარევის გზით.
გ) სხვა ბუნდოვანი ნორმები
ცვლილებათა მეორე პაკეტი სხვა საეჭვო ნორმებსაც ითვალისწინებს, რომელთა ანალიზი უფრო მეტ დროს და სივრცეს მოითხოვს.
დასკვნა:
“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს.
მათი მთავარი მიზანია:
დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება, ერთი მხრივ, “ქართული ოცნების” მთავრობისთვის საერთაშორისო პროგრამების შეჩერებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით, ქართული მედიის მხარდაჭერაზე საუბრობს, მსგავსი ნორმების შემოღების შედეგად დამოუკიდებელი მედია ვეღარც ფინანსურ და ვეღარც სხვა ტიპის დახმარებას მიიღებს. პირველ რიგში, ეს აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის პასუხი ქართული მედიის საერთაშორისო მხარდაჭერაზე;
მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ. როგორც ჩანს, ხელისუფლება უკმაყოფილოა წარსულში მისი მცდელობებით, გაეკონტროლებინა კრიტიკულ არხებზე გასული ინფორმაცია და კომენტარი. სწორედ ამით უნდა იყოს განპირობებული ეს ახალი შემზღუდველი ნორმები;
შეუქმნას ხელსაყრელი პირობები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. დამოუკიდებელი სატელევიზიო არხების დასუსტებით ან მედიასივრციდან საერთოდ გაქრობით, აგრეთვე, დასავლურ მედიაპროგრამებზე შეზღუდვების დაწესებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის სატელევიზიო არხები, რომლებისგანაც მაყურებელი, ძირითადად, დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ რიტორიკას ღებულობს. თუ აქამდე საზოგადოების ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნაწილი სამთავრობო არხებზე გავრცელებული ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივების საპირწონედ კრიტიკული არხების მკვეთრად გამოხატული ანტირუსული კონტენტით სარგებლობდა, ამიერიდან მას ალტერნატიულ და კრიტიკულ კომენტარზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
