პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი და პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, გელა ხასაია, დღეს, 21 თებერვალს, სამჯერ დაჯარიმდა. მის მიერ გადასახდელი ჯარიმების საერთო ოდენობა 14 500 ლარს შეადგენს: ორჯერ—5000-5000 ლარი გზის გადაკეტვისთვის და ერთხელ—4500 ლარი პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო.
პირველი ორი ჯარიმა მას 13 და 14 თებერვალს, პარლამენტის შენობის წინ გზის გადაკეტვისთვის გამოუწერეს, ხოლო მესამე ჯარიმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ დღეს დააკისრა. მოსამართლის განჩინებით, ხასაიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2024 წლის 4 დეკემბერს თბილისში, შარაშიძის ქუჩაზე ჩაიდინა, სადაც პარტია დროას ოფისი მდებარეობს. აღნიშნულ დღეს სამართალდამცველებმა ოფისიდან აქციებისთვის განკუთვნილი ინვენტარი ამოიღეს.
ამავე მოსამართლემ დღეს გელა ხასაიას ადვოკატი, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს იურისტი თეონა ზაქარეიშვილიც დააჯარიმა, რაც „რეპლიკებისა და ხმამაღალი ტონის“ გამოყენებით ახსნა.
