ოჯახი პატიმრის გარდაცვალებაში ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს

რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა დავით გუჯეჯიანი – პატიმარი, რომელიც სასჯელს გლდანის მე-18 დაწესებულებაში იხდიდა. ოჯახი მომხდარში ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს – ისინი ვარაუდობენ, რომ გუჯეჯიანი ბადრაგებმა სცემეს.
გარდაცვლილის დედა, სვეტლანა გუჯეჯიანი ამბობს, რომ პატიმარი აქამდეც არაერთხელ გამხდარა ძალადობის ობიექტი ბადრაგების მხრიდან. ის ციხის ბადრაგებს მისი შვილის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
“4-ში ჩვეულებრივად ვილაპარაკეთ მთელი ერთი საათი […] 6 რიცხვში, საღამოს, მირეკავენ პენიტენციურიდან და მეუბნებიან, რომ დავით გუჯეჯიანი გადავიყვანეთ ვივამედშიო. რატომ, რა ხდება-მეთქი და მორიგი გამოკვლევებიო […] პირდაპირ გათიშული მიუყვანიათ [კლინიკაში], პირდაპირ რეანიმაციაში შეიყვანესო. სავარაუდოდ, ეგრე ხდება, უკვე რომ იციან, რომ წამები და წუთები აქვს დარჩენილი, მიჰყვათ ვივამედში, რომ იქ გარდაცვალოს და ციხეს არ დაეწეროს”, – განაცხადა გარდაცვლილი კაცის დედამ TV პირველთან საუბრისას.
ოჯახს აქამდეც, წლების განმავლობაში, არაერთხელ მიუმართავს როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, ისე სახალხო დამცველისთვის. ამ უკანასკნელის აპარატში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, აქვთ ოჯახთან კომუნიკაცია და ელოდებიან მათგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას. რაც შეეხება საგამოძიებო სამსახურს, ჩვენ მათ ვკითხეთ, დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდარზე. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურსაც. უწყებაში გვითხრეს, რომ ოჯახის თანხმობის გარეშე გარდაცვლილის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიდნენ. მათი თანხმობის შემთხვევაში, უწყება მზადყოფნას გამოხატავს, გაასაჯაროოს დეტალური ინფორმაცია დავით გუჯეჯიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმ სამედიცინო პროცედურების შესახებ, რომლებიც პატიმარს წლების განმავლობაში, პენიტენციურ სამსახურში ჩაუტარდა.
დავით გუჯეჯიანი 52 წლის იყო. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა ჰქონდა და ეტლით გადაადგილდებოდა.