რა არის კვარაცხელიას “მაქსიმალური მცდელობა” და “საჭიროება” – კერძი, რომელსაც თანამედროვე ინგრედიენტები შესძინეს…

ხვიჩა კვარაცხელიას სათასო მატჩის მიმართ დიდი მოლოდინი იყო. რთულია, როცა მთელი ქვეყანა და ასე გაზრდილი გულშემატკივართა რაოდენობა ერთ ფეხბურთელს შეჰყურებს. სურთ, თუნდაც მისი გოლი ნახონ, ოქტომბრის შემდეგ რომ არ გაუტანია. ფეხბურთი კი სხვადასხვა დეტალის გროვაა და აქ ყველა ნიუანსი საინტერესო და გასააზრებელია. დარწმუნებულები ვართ, შეხვედრის მიმდინარეობისას ბევრი ვერ წარმოიდგენდა, “კვარას” საუკეთესო შეფასება რომ ექნებოდა…
მაქსიმალური მცდელობები საკმარისი არ არის; ზოგჯერ უნდა გავაკეთოთ ზუსტად ის, რაც საჭიროა – უინსტონ ჩერჩილის ეს ფრაზა იქნებ მატჩის დროს ბევრს გაახსენდა. რა არის ახლა ხვიჩას
“მაქსიმალური მცდელობა”? – ის იყოს გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი, ცოტათი ვარსკვლავურ და კონკურენციით გაჯერებულ კოლექტივში შუა სეზონში მისულმა დაამტკიცოს, ის უნარები გააჩნია, რაც ტრიუმფისთვის (უფრო საერთაშორისო) ასე აკლდათ; რომ მას შეუძლია, მწვრთნელის დავალების შესაბამისად, სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშოს. ამ დროს რაა “საჭირო”? – კვარაცხელიასგან იმის მოლოდინი უფროა, რაც ბარკოლამ გააკეთა – მიიღოს ბურთი, მარტივად წავიდეს კარისკენ და გაიტანოს. ფაქტია ის, რომ “ნაპოლიში” პირველ თვეებში სრული თავისუფლების მიღების შემდეგ, “კვარა” უფრო გუნდური მოთამაშე გახადეს, რომელსაც პასის კულტურა და საკუთარ თავში მისია, რომ შექმნას სხვებისთვისაც, ისედაც გაჯერებული იყო. ჩვენებური ახალი მწვრთნელის მითითებებს ახლა ეცნობა და ჯერ მისი სრული მასშტაბით აღქმა არ მომხდარა. აი, ამის შემდეგ კიდევ უფრო მრავალფეროვან ხვიჩას მივიღებთ!..
კვარაცხელია თავის ფეხბურთს კი არ კლავს, არამედ შტრიხებით ამრავალფეროვნებს. ის იქნებ ის კერძია, საუკეთესო გემო რომ ჰქონდა, შემდეგ რაღაც თანამედროვე ინგრედიენტები შესძინეს, პროცესში შეცვლეს, ბოლოს კი საწყისზე გემრიელობა მივიღეთ.
მატჩის ემოციური ამბავი – კიმპემბე ორი წლის შემდეგ დაბრუნდა…
ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ, “კვარა” საკუთარ თავზე რომ მუშაობს, ეს იგრძნობა და მხოლოდ ქებას არც ახლა ვაპირებთ. მან კარგად იცის, ახალ გარემოში არსებულის სრულყოფა და განსხვავებულის მიღება რომ სჭირდება. მაგალითად, კარში დარტყმის ტექნიკების. ის მეტად შედეგიანი უნდა იყოს, ამავდროულად კი გვახსოვდეს – კვარაცხელიას საუკეთესო მხარე ეს ვერ იქნება. კი, “ნაპოლიში” პირველივე სეზონში 12 გოლი “თვალს ხვდება”, მაგრამ ჩვენებური უფრო ბურთთან ურთიერთქმედებაში, მოედნის ხედვაში, რამდენიმე მეურვის გამკლავებაში, ლამაზ თამი, “აფეთქებასა” და საგოლე შანსების “ლანგრით მირთმევაშია” გამორჩეული. თუკი სტარტზე დემბელემ ეს გამოიყენა, შემდეგ მატჩებში უბრალოდ ძალიან კარგი პასები შედეგიანად არ მთავრდება. აქაც, მწვრთნელები და სპეციალისტები უბრალოდ სტატისტიკაში ასახულ მარტივ საგოლე პასზე მეტად ამას აკვირდებიან, ფეხბურთელმა დიდი შანსი შექმნა და თუ ვერ გამოიყენეს, ეს სხვა ამბავია.
ხვიჩამ ჯერ ახლა დაიწყო და რამდენიმე ეპიზოდში პარტნიორთან ბურთი თუ ვერ გაითამაშა, ვიცით, ეს რატომაც ხდება და გარკვეული დრო რომაა საჭირო, მითუმეტეს, ამხელა როტაციის პირობებში. თუნდაც თასზე ვნახეთ, რა შესახები განსხვავება იყო პირველ და მეორე ტაიმებს შორის, სანამ ერნანდესს მენდეში ჩაანაცვლებდა. თუკი ფლანგზე აქტიური მცველი არაა, “კვარა” თითქოს მარცხენა კუთხეში “მიიკეტება” და დახმარებას, სივრცეები რომ გაუხსნან და მეტოქე “გამოსტყუონ”, ვერავინ ახერხებს. ასევე, როცა ქართველი ფეხბურთელი ცენტრში შედის, თითქოს ჯერ გუნდსაც ბოლომდე არ აქვს გათავისებული, როგორ უნდა იმოქმედოს.
დატვირთულმა კალენდარმა ტონუსში უნდა მოიყვანოს და სხვა დასკვნები მერე გავაკეთოთ!..