თამაზ გინტურის ოჯახი ამბობს, რომ მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანის მკვლელობის საქმე თაროზე შემოდო და მის გამოძიებას არ აპირებს.
ოჯახი ხელისუფლების უმოქმედობაში ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე განვითარებულმა მოვლენებმა დაარწმუნა, როდესაც ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო უწყებების თქმით, ისინი მკვლელი ოკუპანტების იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ.
“ჩემი ძმის, თამაზ გინტურის ოჯახს მისცეს დაზარალებულის სტატუსი, მაგრამ არ აინტერესებთ რომ გამოიძიონ. ნახევრად რუსები ვართ, რუსი რუსს არ გამოიძიებს და ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს. ეს არის ჩემი სათქმელი. ეგრე გამოდის, საქართველოს ხელისუფლება მკვლელებს უფრთხილდება. ” ამბობს თამაზ გინტურის ძმა.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, მას ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
