საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში დამაჯერებელი ლიდერი (“მარსელს” 10 ქულით აღემატება) და დაუმარცხებელი პსჟ “ბრესტს” ესტუმრება – შაბათს, 1-ელ თებერვალს, 20:00 საათზე (თბილისის დრო).
“სტად ფრანსის-ლა ბლე”-ზე (15 220) ჩასატარებელ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თავიდანვე ველით. ბარკოლა და დემბელე დიდებულ ფორმაში არიან, შუა კვირაში ევროტურნირზე თამაშის გამო კი როტაცია მოსალოდნელია. თავის მხრივ, ბრესტელებმა თვით მადრიდის “რეალს” შეხვდნენ.
ლუის ენრიკეს ფეხბურთელებმა გასულ ტურში “რეიმსს” ზედიზედ მესამე საშინაო შეხვედრაში ვერ აჯობეს. კვარაცხელიამ სადებიუტო მატჩში მშვენიერი ეპიზოდი შექმნა და დემბელეს გაატანინა. თუკი პარიზელები არ წააგებენ, ისტორიაში
მეოთხე შემთხვევა იქნება, როცა გუნდი ზედიზედ 20 მატჩში არ დამარცხდება, მათთვის კი – პირველი.
პსჟ-მა და “ბრესტმა” 36-ჯერ ითამაშეს და “ლა ბლეს” ბინადრებს დედაქალაქელებთან ყველაზე ცუდი სტატისტიკა აქვთ – მხოლოდ 8% მოიგეს. პირველ წრეში, მე-4 ტურში, პარიზელებმა (3:1) იმარჯვეს, უსმან დემბელემ კი, ბოლო რვა შეხვედრაში 11 გოლი რომ აქვს, დუბლი შეასრულა. წინა სეზონში 2:2 ვნახეთ, სადაც ბარკოლამ ჯერ საგოლე პასი შეასრულა, ბოლოს კი გააძევეს.
რომელი ფაქტი მეტყველებს ცუდად პსჟ-სთვის? – მიმდინარე სეზონში, ხუთი შემთხვევიდან ოთხში, როცა გუნდმა ქულები დაკარგა, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ იყო. რაც შეეხება “ბრესტს”, ევროტურნირის შემდეგ 21 შესაძლებელიდან 18 ქულა აიღეს.
ბრესტელებს ერთი გამარჯვება სჭირდებათ, რათა ერიკ როის გუნდმა 20 მატჩში მეათე მოიგოს, ეს კი წინა სეზონის შედეგის გამეორება იქნება, გუნდმა საბოლოოდ მესამე ადგილი რომ დაიკავა.
ვნახოთ, შუა კვირაში დატვირთვის შემდეგ, გუნდები რას შემოგვთავაზებენ. მთავარი მსაჯი ბასტიანი იქნება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ხშირად ვხვდებით, ბოლოს კი პსჟ-ს “ლიონთან” უმსაჯა, სადაც გიორგი მიქაუტაძემ დონარუმას გაუტანა და ამას მცირე ინცინდენტიც მოჰყვა.
შაბათ ღამესვე (ჩვენი დროით კვირას, 00:05 სთ) ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენი” ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრილ “ლილს” ესტუმრება; მწვრთნელშეცვლილი გიორგი მიქაუტაძის “ლიონი” კვირა საღამოს (23:45 სთ) “მარსელს” ეწვევა და ეცდება, ისინი პსჟ-ს უფრო დააშოროს, თვითონ კი მიუახლოვდეს!..