ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალები გენერალურ პროკურატურას მიმართავენ, შეცვალოს “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიება.
ამ საკითხზე, ოპოზიციონერმა ლიდერებმა, თამარ კორძაიამ, სალომე სამადაშვილმა და თეონა აქუბარდიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს.
“მზია ამაღლობელი უკვე მე-12 დღეა, შიმშილობს და ეს უკვე საგანგაშო პერიოდია მისი ჯანმრთელობისათვის. ჩვენ, ქალი პოლიტიკოსები, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ სასამართლოსთან შუამდგომლობით შევიდეს გენერალური პროკურატურა და შეცვალოს პატიმრობის მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესების ცუდად წარმართვის ვითარებაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება, როგორც ამ შენობაში მყოფ ადამიანებს, ბიძინა ივანიშვილს, გენერალურ პროკურორს და ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესშია მონაწილე”, – განაცხადა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე.
თეონა აქუბარდიას თქმით, შეადგინეს, წერილი, რომელსაც გეგმავენ, რომ გაუგზავნონ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უფლებაზე მუშაობს.
“ამ წერილს უერთდება ყველა ის ქალი პოლიტიკოსი, რომელიც, რა თქმა უნდა, არის სოლიდარული მზია ამაღლობელის მიმართ. ერთობლივად ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ისევე, როგორც შეწყდეს ზეწოლა და რეპრესიები მედიის მიმართ”.
მზია ამაღლობელის საქმე
მზია ამაღლობელს, რომელიც ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – კვლავ დააკავეს, ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს, „პოლიციელზე თავდასხმას”. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
23 იანვარს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“, – 12 ორგანიზაციასთან და ერთ ინდივიდუალურ პირთან ერთად, – საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
ამავე მოწოდებით გამოვიდა ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“, რომელმაც განგაში ატეხა ამაღლობელის დაპატიმრების გამო.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შიმშილობს.
„აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ. როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის უსამართლობის გამო“, – განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ მისი მონახულების შემდეგ 23 იანვარს.
მან ასევე გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის დანაბარები:
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“.




