„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი სტადიონის ასაშენებლად ერთ-ერთ ლოკაციად რუსთავის მიმართულებაც განიხილება.
მანამდე ცნობილი იყო, რომ „ოცნების“ მთავრობა ახალი საფეხბურთო/სარაგბო სტადიონის აშენებას ვაზიანის სამხედრო ბაზასთან გეგმავდა, სადაც თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობაა დაგეგმილი.
კობახიძის თქმით, სტადიონის მშენებლობის დაწყება მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება.
„ახალი სტადიონის სავარაუდო ლოკაციებს ვერ დაგიკონკრეტებთ, დაახლოებით მიმართულებები შემიძლია გითხრათ, ეს არის აეროპორტის მიმართულება, ასევე ეს არის რუსთავის მიმართულება. ამ ორი მიმართულებით მიდის მსჯელობა. მას შემდეგ, რაც უკვე ჰოლანდიურ კომპანიასთან ერთად შეირჩევა კონკრეტული ლოკაცია, შეგვიძლია დავაზუსტოთ საზოგადოების წინაშე ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ვადებს, მოსამზადებელია კონცეფცია, ასევე, არქიტექტურული პროექტი. ჩვენ ვვარაუდობთ მომავალი წლის აპრილში მშენებლობის დაწყებას. შესაბამისად, 2028 წლის ბოლომდე მშენებლობის დასრულებაც არის აბსოლუტურად რეალური. ბიუჯეტიც დაზუსტდება. ჩვენ გვაქვს წინასწარი გათვლები, მაგრამ მირჩევნია, დავაზუსტოთ ბიუჯეტი და ამის შემდეგ მოგცეთ კონკრეტული ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ახალ აეროპორტს, რომლის აშენებაც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იგეგმება, კობახიძის თქმით, მისი მშენებლობა 2026 წლის აპრილში დაიწყება და მშენებლობის დასრულება 2028 წლის ბოლომდე „აბსოლუტურად რეალურია“.
როდესაც ცნობილი გახდა ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ახალი აეროპორტის მშენებლობის განზრახვის შესახებ, იდეა გააკრიტიკა პროფესიონალთა ნაწილმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკმა გიორგი თავდგირიძემ თქვა, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარი იქნება. მისი შეფასებით, სამხედრო ბაზასთან მსგავსი სახის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შექმნა მნიშვნელოვნად შეასუსტებს სამხედრო ბაზის პოტენციალს და მთავარ ფუნქციას დაუკარგავს.
