“2025 წელს ძალიან პოზიტიურად ვუყურებთ” – Shipping Line E60

ქართულმა სანაოსნო კომპანია Shipping Line E60-მა ფლოტს რიგით მეორე ბორანი დაამატა, რომელიც პირველ რეისს მიმდინარე კვირას შეასრულებს – ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, მიხეილ ბაბუნაშვილმა მედიასთან შავი ზღვის ყოველწლიურ კონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ბაბუნაშვილი აღნიშნავს, E60-ის ფლოტში მეორე ბორნის დამატება გაზრდილ ტვირთბრუნვაზე მიუთითებს.
“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენი ახალი ბორანი უკვე რუმინეთში, კონსტანცაშია, რამდენიმე თვის წინ შევიძინეთ ევროპაში და ევროპიდან ჩამოვიყვანეთ. ამ კვირაში განახორციელებს პირველ რეისს კონსტანცა-ს მიმართულებით.
უკვე ორი საკუთარი ბორანი გვყავს. ჩვენმა კომპანიამ ოპერირება ნაქირავები ბორნებით დაიწყო. რაც შეეხება ტვირთბრუნვას, იზრდება, სხვანაირად ახალ ბორანს არ შევიძენდით”, – ამბობს მიხეილ ბაბუნაშვილი.
E60-ის კომერციული დირექტორი BMG-ის კითხვის საპასუხოდ საზღვაო გადაზიდვების თანამდევ გამოწვევებზეც საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანაში საბორნე გადაზიდვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ჯერჯერობით, არ არსებობს.
“ისევ და ისევ არის ინფრასტრუქტურული გამოწვევები, რაც ყოველთვის იყო საქართველოში. სხვადასხვა ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს პრობლემები, ჩვენი მხრივ კი ჩვენი ინვესტიციით ყველანაირად ხელს ვუწყობთ ამას.
ყველაზე მეტად გვეხება პორტების, ტერმინალების პრობლემები, სადაც ჩვენს გემებს უწევთ ოპერირება. მოგეხსენებათ, საქართველოში საბორნე ტერმინალი და პორტი არ არსებობს, ძირითადად რაც გვაქვს, ეს არის საკონტეინერო პორტები, რომლებიც სხვა ტიპის ტვირთზეა გათვლილი. ეს სირთულეებს გვიქმნის, რადგან ადგილის ნაკლებობა გვაქვს, შეიძლება უფრო სწრაფად ოპერირებაც, მაგრამ ეს ჩვენს სიჩქარეზეც აისახება. მაგრამ ვმუშაობთ, რომ ყველანაირ ასპექტში გვქონდეს გაუმჯობესება”, – ამბობს ბაბუნაშვილი.
მიუხედავად გამოწვევებისა, Shipping Line E60-ის კომერციული დირექტორი 2025 წლის მოლოდინებს პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, კომპანია პირველია, რომელიც რუმინეთიდან სარკინიგზო და საბორნე გადაზიდვას ახორციელებს.
“2025 წელს ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან ყველანაირი ტიპის გადაზიდვებს ვთავაზობთ მომხმარებელს, დავიწყებთ სარკინიგზო გადაზიდვა. ასევე, რამდენიმე თვის წინ ბულგარეთიდან, ვარნიდან დავიწყებთ სარკინიგზო ვაგონების გადაზიდვა, კონსტანცადან კი ვაგონი ბორანზე ისტორიაში არასდროს გადაზიდულა, ჩვენ ვაკეთებთ პირველად” – აცხადებს მიხეილ ბაბუნაშვილი.