საქართველოს პროკურატურის ცნობით, უწყებამ ადვოკატის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით მუქარისა და ძალადობის ფაქტზე, ორ პირს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატის მიმართ ფიზიკურად იძალადა, მათ შორის არასრულწლოვანი ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით), ხოლო არასრულწლოვანს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (მუქარა და ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით) წარედგინათ”. – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა აპირებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართოს.
ამასთან, შსს-ში დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დასადგენად გამოძიება გრძელდება.