პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილი მედიის წარმომადგენლები, მათ შორის, აპროტესტებენ 21 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც წარმოებაში არ მიიღო მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე საჩივარი. აქციის მონაწილეები მათი კოლეგის გათავისუფლებას მოითხოვენ.
“მზი ისჯება პროფესიული საქმიანობისთვის. დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს. მზია არ იმსახურებს პატიმრობას არანაირი საფუძველი არ არსებობდა. სანამ მზია არის ციხეში არავინ არ ვართ თავისუფლები. ესაა მედიისთვის გამოგზავნილი გზავნილი – ყველას ასე მოგვექცევიან. ასე დაიჯება ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და კრიტიკული სიტყვა”, – უთხრა “პუბლიკის” რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა რადიო თავისუფლებას.
“სტუდია მონიტორის” რედაქტორის, ნინო ზურიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელის პატიმრობა არის ხელისუფლების “შურისძიება” თავისუფალ მედიაზე.
“დღეს ამ [ლევან] მურუსიძის მონა და [მიხეილ] ჩინჩალაძის მონა კლანების მიერ მართულმა სასამართლომ არც კი განიხილა სათანადოდ, რომ შეეფასებინა [საქმე]. ის არის რეჟიმის ტყვე”.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით.
მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.
21 იანვარს მზია ამაღლობელი მოინახულა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. ის იმედოვნებდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებდა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებდა მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.