“მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო” – კვარაცხელიას პირველი ინტერვიუ PSG TV-სთან

პსჟ-ის ახალმა გარემარბმა მ კლუბის ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.
– ხვიჩა, რას გრძნობ ახლა, როდესაც “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელი გახდი?
– ამ მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივია. მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო. დიდი სიამაყეა, ოცნებების ასასრულებლად ერთად ვიბრძოლებთ. ძალიან ბედნიერი ვარ.
– აქ გადმოსვლა რატომ გადაწყვიტე?
– ამაში პროექტმა დამარწმუნა. ვიცი, რისი მიღწევა უნდა კლუბს და როგორ მუშაობენ ფეხბურთელებთან. ეს ჩემთვის შესაფერისია. აქ დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ და როდესაც გადმოსვლის შესაძლებლობა მომეცა, განსაკუთრებით არ მიფიქრია.
– გუნდის ზოგიერთ ფეხბურთელს იცნობ?
– დიახ. ფაბიანს (რუისს), რომელიც “ნაპოლიში” ასპარეზობდა. ვიცნობ ჯიჯის (დონარუმას), მას აქ გადმოსვლამდე ვესაუბრე.
– ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით იმუშავებ…
– ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, მისგან ბევრს ვისწავლი და მიხარია, რომ ჩემი მწვრთნელი იქნება.
– პარიზში ჩამოსულს რა მიზნები გაქვს?
– მსურს ახალი გამოცდილება მივიღო, ოცნებები ავისრულო, განვვითარდე, ბოლომდე დავიხარჯო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.
– პსჟ-ის ინფრასტრუქტურას გაეცანი. როგორი შთაბეჭდილებები დაგრჩა?
– აღმფრთოვანებელია. დიდი მიზნების მისაღწევად აქ ყველაფერია, რათა ახალგაზრდამ პროგრესირება განაგრძოს.
– გულშემატკივრებს რას ეტყოდი?
– მინდა მათ უახლოეს ხანში შევხვდე და ერთად განვიცადოთ დიდი ემოციები. ძალიან მიხარია, რომ ქომაგებს შევუერთდები და მალე შეხვედრამდე!