13 დეკემბერს გერმანიის მთავრობამ 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვადის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მიაღწია. შეთანხმების მიხედვით, ბერლინს არ დასჭირდა კონსტიტუციის გათვალისწინებული ნორმის დროებით შეჩერება, რომელიც ახალი ვალების აღებაზე ლიმიტს აწესებს. ამის გამო, გერმანიის საექსპერტო წრეების ნაწილში გაჩნდა შეშფოთება, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს ევროპის წამყვანი ეკონომიკის ზრდა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა.
კანცლერ ოლაფ შოლცის სამპარტიულ კოალიციას ჰქონდა არჩევანი – ერთი წლით შეეჩერებინა საკონსტიტუციო ჩანაწერი ვალის შეზღუდვის შესახებ და ახალი სუვერენული სესხი აეღო, ან დაახლოებით 17 მილიარდი ევრო სხვა საბიუჯეტო ხარჯებიდან დაეზოგა. შოლცის კოალიციას ეს გამოწვევა მას შემდეგ შეექმნა, რაც ნოემბერში ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ბიუჯეტის კანონპროექტი დაბლოკა.
რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე დაძაბულმა მოლაპარაკებებმა კოალიციის დაშლის ეჭვიც კი გააჩინა. თუმცა, ოთხშაბათს დილის 5 საათზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საინვესტიციო თანხები ბიუჯეტის სხვა სეგმენტების საფუძველზე მოიპოვონ და ახალი ვალი არ აიღონ.
შოლცმა, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების ლიდერია, თქვა, რომ ვალის შეზღუდვის შეჩერება შეიძლება კვლავ გახდეს საჭირო იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას მეტი დაფინანსება დასჭირდება რუსეთის აგრესიის ომში თავის დასაცავად. მან ეს განცხადება ევროკავშირის სამიტზე გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. სამიტზე კიევის მხარდაჭერა დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება.