რა არის ჯუღელისთვის მნიშვნელოვანი? “მანჩესტერისა” და პსჟ-ს უპირატესობები… – ნუკრი რევიშვილი აქტუალურ თემაზე

საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი საინტერესო რესპონდენტია. მოგეხსენებათ, ის მამუკა ჯუღელთან ერთად სამენეჯერო საქმიანობას ეწევა. ექს-კიპერთან სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ (სრულად ორშაბათს გაეცნობით), ახლა კი, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, იმ მონაკვეთს შემოგთავაზებთ, რომელიც ს სატრანსფერო ამბებს ეხება. მით უმეტეს, ამ თემაზე მათ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
“ნაპოლისა” და კვარაცხელიას შორის ხელშეკრულების გახანგძლივებას ხელს ფინანსური საკითხები არ უშლის. მამუკა ჯუღელისთვის მნიშვნელოვანია, ხვიჩას მომავალთან დაკავშირებით კლუბს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდეს და ერთგვარი ბერკეტები მასაც გააჩნდეს. მით უმეტეს, გვაქვს ოსიმენის
შემთხვევა, რომელიც პსჟ-ში 150 მილიონ ევროდ არ გაუშვეს…
ჯუღელს გათავისებული აქვს სირთულეები და გამოწვევები, ამიტომ შესაბამისად მოქმედებს. ვინც საუბრობს, რომ საქმე მხოლოდ ხელფასის შეუთანხმებლობასთან გვაქვს, ცდება…
სატრანსფერო ფანჯრის დროს “კვარას” წასვლაზე სულ იწერება, აქტიურობს რომანოც, ვინც პოპულარულობით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, ნაკლებად მგონია, ამ საუბრებმა ნეაპოლელი გულშემატკივრების უმრავლესობა გააბრაზოს.
დიდი სურვილი მაქვს, კვარაცხელიამ პრემიერლიგაში ითამაშოს. მაგალითად, “მანჩესტერ იუნაიტედში” გამიხარდებოდა. ბოლო წლებში მათ კრიზისი აქვთ და თუკი ამას ახალი “შვიდიანით”, კვარაცხელიათი დაძლევენ, ძალიან სასიამოვნო იქნება… რა თქმა უნდა, თავისი დიდი მიზნები პსჟ-საც გააჩნია და ხვიჩა მათთან ერთად ნანატრ ჩემპიონთა ლიგას თუ მოიგებს, “ოქროს ბურთზე” ბრძოლისთვისაც სერიოზული ამბიციები გაუჩნდება.
საბოლოოდ, გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება, თუ სად სურს მას ყველაზე მეტად, სად ექნება უფრო დიდი სპორტული მოტივაცია. “კვარასთვის” ფინანსური საკითხები გადამწყვეტი ვერ იქნება.
მოგეხსენებათ, ევროპულ ბაზარზე ზამთარში ტრანსფერები რთულად კეთდება, ამიტომ ეს ამბები ზაფხულში უფროა მოსალოდნელი. წარმოუდგენელი მგონია, კვარაცხელია წინასწარ “დაიბევონ” და ტრანსფერი მოგვიანებით განხორციელდეს.”