კახა კალაძე – ქალაქის განვითარება ხდება გენერალური გეგმის მიხედვით და ბრალდებებს, რაც ისმის, არანაირი საფუძველი არ აქვს – მშენებლობა და აღმშენებლობა ერთგვარ დანაშაულად იქცა რადიკალებისთვის

ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ქალაქის განვითარება ხდება გენერალური გეგმის მიხედვით და ბრალდებებს, რაც ისმის, არანაირი საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ „ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიასთან დაგეგმილ მშენებლობებზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ოპოზიციისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქვეყნის განვითარება არ უნდა, მშენებლობა დანაშაულად იქცა.
„ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოვისმინეთ რაიმე არგუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა კვლევებზე, შინაარსზე. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაცია. წარმოგიდგენიათ? უბრალოდ საოცრებაა. მშენებლობა და აღმშენებლობა ერთგვარ დანაშაულად იქცა რადიკალებისთვის, ოპოზიციისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ უხარია ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა და მშვიდობა. ქალაქიც განვითარდება და აღმშენებლობაც მოხდება ისე, რომ ხელი არ შეეშალოს არაფერს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ყველაფერი ხდება გეგმაზომიერად. გენერალური გეგმის მიხედვით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, რატომ მოხდა ისე, რომ ინვესტორები, რომლებიც მიმდინარე მშენებლობებს ახორციელებენ, „ქართული ოცნების” შემომწირველები არიან, კახა კალაძე პასუხობს, რომ „ბიზნესის 99%, როგორც სამშენებლო კომპანიების, ისე დეველოპერული კომპანიების, არის „ქართული ოცნების” შემომწირველი”.
„რა არის ამაში ცუდი? „ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას იმიტომ, რომ ბიზნესის წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, ეს პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც არა თუ ბიზნესებს წაართმევს ადამიანებს, სარდაფებში ჩაიყვანს ღამის 3 საათზე, დააპატიმრებს და ბიზნესს გადმოაფორმებინებს, ამას კი არ გავაკეთებთ, პირიქით ხელს შევუწყობთ, რომ მეტი ააშენონ, უფრო გააფართოონ თავისი ბიზნესი, უფრო მეტი ადამიანი დაასაქმონ და რაც შეიძლება მეტი დოვლათი შექმნან ქვეყანაში. ამას გავაკეთებთ მომავალშიც”, – განაცხადა კახა კალაძემ.