15 დეკემბერს გაიმართება ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებული მომავალი, მშვიდობა, კეთილდღეობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 16 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე, მიმდებარე ქუჩებზე საახალწლო სოფელი გაიხსნება.
„საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს დედაქალაქში. 15 დეკემბერს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდება და ამავდროულად, ქალაქში დამონტაჟებული საახალწლო ილუმინაციები ჩაირთვება 15 დეკემბერს. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ მობრძანდეთ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საღამოს რვა საათზე გაიმართება ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებული მომავალი, მშვიდობა, კეთილდღეობა. გარდა ამისა, 16 დეკემბერს, მეორე დღეს, საახალწლო სოფლის გახსნა გვექნება ორბელიანის მოედანზე, მიმდებარე ქუჩებზე. საზოგადოებას ვპირდებით სასიამოვნო დღეების გატარებას, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, ასევე საახალწლო სოფელში, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება პატარებისთვის დღის განმავლობაში, სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები. საღამოს იქნებიან ესტრადის სხვადასხვა ვარსკვლავები, ასევე ელექტრონული მუსიკა. ყველანაირად სასიამოვნო გარემო იქნება. თოვლის ბაბუაც გვესტუმრება, რომელიც თავის სახლში განთავსდება და პატარებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ თოვლის ბაბუა და თავიანთი სურვილები გაანდონ“,-განაცხადა კახა კალაძემ.