თბილისის მერიის თანამშრომელი, ნინო კიკნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უწყება ხელშეკრულებას შემდეგი წლიდან აღარ უგრძელებს. ამის შესახებ მას დღეს, 27 დეკემბერს შეატყობინეს.
როგორც მსგავსი გამოცდილების მქონე სხვა დასაქმებულები, კიკნაძეც ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ “რეპრესიებს” უწდებს:
“ახლა, როცა 500-მდე ადამიანი დააკავეს, დემონსტრანტები ნაწამები არიან და 44 მოქალაქე სისხლის სამართლის მუხლით, უკანონო პატიმრობაში რჩება, რთულია სამსახურებრივ დასჯაზე წერა, თუმცა ესეც რეპრესიების შემადგენელი ნაწილია და ის ხელისუფლების ანგარიშსწორების მასშტაბს მხოლოდ აფართოებს. 2028 წელს ევროკავშირთან მოლაპარაკების განახლების შესაძლებლობა დღევანდელი მოცემულობით ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ ღირსებით ევროპისკენ მივდივართ”, – წერს კიკნაძე სოციალურ ქსელში.
კიკნაძე ჰყვება მერიასთან თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებაზე და იმ პროექტებზე, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში განახორციელა. ის მართავდა კულტურულ და ლიტერატურულ პროექტებს, რომლებიც მერიამ იუნესკოს დაფინანსებით განახორციელა.
“ყველა საქმე, რაც კი მრავალი წლის განმავლობაში, ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის მიკეთებია, ქვეყნის ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოებას ემსახურებოდა. 2019 წელს თბილისმა ”იუნესკოსგან“ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიიღო, 2021 წელს კი, მედიახელოვნების მიმართულებით ”იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრიც გახდა – ორივე ეს პროექტი მუნიციპალურ დონეზე იმართებოდა, რადგან ”იუნესკოსთან“ ხელშეკრულებას ხელს სწორედ ქალაქის მერი აწერს, შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც ის იღებს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება.
”თბილისი – იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად შეფასდა ”იუნესკოს“ მიერ. ”იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრობა კი უნიკალური და ყოველწლიურად მზარდი შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტების კულტურის სტრატეგიული განვითარებისთვის, ადგილობრივო ხელოვანების პროფესიული ზრდისთვის და მათი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის.
