2025 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში პიკის საათებში მოძრაობის შეზღუდვა დისტრიბუციის მანქანებსაც შეეხება

თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო მომავალი წლის პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ.
„წლინახევრის წინ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეფორმის განხორციელება, რომელიც ემსახურება დედაქალაქში მოძრაობის გარკვეულწილად განტვირთვას, რაც გამომდინარეობდა არაგაბარიტული მანქანების მოძრაობით პიკის საათებში. 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მათი გადაადგილება შევზღუდეთ. ეს ეხებოდა N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს, ანუ იზღუდებოდა ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სამ-ნახევარ ტონაზე მეტი, სრული მასის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. გვქონდა გარკვეული გამონაკლისები დაშვებული. რეგულაციის მიღების დროს ბიზნესსექტორთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა და გამონაკლისად დავადგინეთ დისტრიბუციის მანქანები და მათ რვათვიანი შეღავათი მივეცით, რომ ამ ცვლილებასთან ადაპტირება მოეხდინათ. ამის შემდეგ მათ შეღავათი კიდევ ოთხი თვე გავუხანგრძლივეთ, პირველი იანვრიდან კი ეს შეზღუდვა მათაც შეეხებათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, რა დროსაც დედაქალაქში არის უფრო დიდი სატრანსპორტო ნაკადები, დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში კი არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული და არც იგეგმება რაიმე ახალი შეზღუდვის დაწესება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად