„ევროკომისიამ დაამტკიცა მოლდოვის განვითარების €1.8 მილიარდიანი გეგმა. ჩვენ ალბათ სამჯერ მეტ მხარდაჭერას მივიღებდით, ქარის წისქვილებს რომ არ ვებრძოდეთ“ – გიორგი გოგუაძე
ევროკომისიამ დაამტკიცა მოლდოვის განვითარების გეგმა 1.8 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც 2025-2027 წლებისთვის მოხმარდება მოლდოვას. ჩვენ ალბათ სამჯერ მეტ მხარდაჭერას მივიღებდით, ქარის წისქვილებს რომ არ ვებრძოდეთ, – ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის გამგეობის წევრი გიორგი გოგუაძე ავრცელებს.
„სამი ძირითადი მიმართულება:
1.სექტორული ფინანსური დახმარება:
· – ინფრასტრუქტურა: გზები, ხიდები, რკინიგზები (კიშინიოვის შემოვლითი გზა)
· – ენერგო უსაფრთხოება: ელექტროგადამცემი ხაზების ევროკავშირის ქსელთან დაკავშირება.
· – ჯანდაცვა: ორი ახალი საავადმყოფოს მშენებლობა
· – ციფრული კავშირი
· – ბიზნესის მხარდაჭერა: 25,000 მცირე და საოჯახო ბიზნესის დაფინანსება.
2. ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის გაძლიერება: მოლდოვას შეუძლია ისარგებლოს ერთიანი ბაზრის უპირატესობებით, როდესაც გაივლის შესაბამის სტანდარტებს. აქცენტები:
· – საქონლის თავისუფალი მოძრაობა და მიწოდების ჯაჭვებში ინტეგრაცია.
· – ვაჭრობისა და ტრანსპორტის გამარტივება.
· – ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაცია და დეკარბონიზაცია.
· – ციფრული ბაზრის ინტეგრაცია.
· – “SEPA” – ერთიან ევროგადახდების სივრცეზე წვდომა.
3. სოციალურ-ეკონომიკური და ძირითადი რეფორმების მხარდაჭერა:
· – ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა.
· – ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.
· – მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა,
· – კვალიფიკაციის ამაღლება და ექსპორტის გაძლიერება“, – წერს გიორგი გოგუაძე.
ცნობისთვის, ევროკომისიამ მოლდოვასთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო. დახმარების პაკეტი ქვეყანას ევროკავშირისკენ გზაზე დაეხმარება. ევროკომისია აღნიშნავს, რომ მოლდოვისთვის თანხების გადაცემა მას შემდეგ დაიწყება, რაც წინასწარ შეთანხმებული რეფორმები იქნება განხორციელებული. ამოქმედებისთვის ევროკომისიის “ზრდის გეგმა” ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ უნდა შეისწავლონ და დაამტკიცონ.
