შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი იმდენადაა გართული რუსეთთან და იმასთან ბრძოლით, რასაც ისინი არადემოკრატიულ ქცევას უწოდებენ, რომ ნელ-ნელა იმ მეთოდებს ითვისებენ

არის გამონათქვამი: „ის, ვინც ებრძვის ურჩხულს, უნდა დაფიქრდეს, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად“ – ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი იმდენადაა გართული რუსეთთან და იმასთან ბრძოლით, რასაც ისინი არადემოკრატიულ ქცევას უწოდებენ, რომ ნელ-ნელა, იმ მეთოდებს ითვისებენ, რომლებიც საქართველოს, მათ შორის, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან არაერთხელ უნახავს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საქართველო ევროკავშირისთვის „ტესტია, რამდენად დარჩება ის დეკლარირებული ღირებულებების ერთგული“.
„არის გამონათქვამი: „ის, ვინც ებრძვის ურჩხულს, უნდა დაფიქრდეს, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად“. ზოგიერთი ევროპელ პოლიტიკოსი იმდენად გართული რუსეთთან და იმასთან ბრძოლით, რასაც ისინი არადემოკრატიულ ქცევას უწოდებენ და ა.შ, რომ თავად, ნელ-ნელა ითვისებენ იმ მეთოდებს, რომლებიც საქართველოს, მათ შორის, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან არაერთხელ უნახავს. ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს საქართველო ტესტია ევროკავშირისთვის, მათ შორის დღევანდელი და ამ კვირაში სხვადასხვა სხდომისთვის, რომლებიც ბრიუსელში გაიმართება. საქართველო ტესტია ევროპისთვის, დარჩება თუ არა ევროკავშირი ერთგული იმ დეკლარირებული ღირებულებისა, რომელზეც ხშირად საუბრობენ; დარჩება თუ არა ერთგული დემოკრატიისა და ხალხის ნების აღიარებისა, თუ აირჩევს გზას, ჩაერიოს სხვა ქვეყნებში, ხალხის ნებაში და შეეცადოს, ჩამოაყალიბოს მართული დემოკრატია სხვა ქვეყნებში. იქ, სადაც ხელისუფლებად ჩათვლიან მხოლოდ მათ, ვინც მათ გემოვნებაში და პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება. ამიტომ, ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის, რამდენად არიან ისინი ერთგული საკუთარი დეკლარირებული ღირებულებების“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი. საგარეო საქმეთა საბჭო გაცვლის მოსაზრებებს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგი ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის განხილვას მოიცავს.