პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით გადაიჭრება. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ შეიძლება რაიმე შუაში იყოს გონებრივად არამდგრადი კობახიძის გაშვებასთან და მის მაგივრად ვინმე სხვა სულელის მოყვანასთან, რომელიც უფრო მორჩილი იქნება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა თაზო დათუნაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება საწინდარი იქნება იმისა, რომ რაიმე მოლაპარაკებები დაიწყოს.
„საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურია, რომელიც გაყალბების შედეგად იქნა არჩეული. შესაბამისად ეს კოლეგია, რომელიც ვითომ ირჩევს პრეზიდენტს, ცალსახად არალეგიტიმური პროცესია. იქ [პარლამენტში] არის ხალხი, რომელსაც წიგნი წაკითხული არ აქვთ და არც დიპლომები გააჩნიათ, ირჩევენ კაცს პრეზიდენტად, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს. 12 წლის განმავლობაში ქართულ საზოგადოებაზე რევანშს ახორციელებენ.
ეს ხალხი აქ დიდი ხანია დგას და მანამდე იქნებიან, სანამ ეს პოლიტიკური კრიზისი არ გადაიჭრება. პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით გადაიჭრება. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ შეიძლება რაიმე შუაში იყოს გონებრივად არამდგრადი კობახიძის გაშვება და მის მაგივრად ვინმე სხვა სულელის მოყვანა, რომელიც უფრო მორჩილი იქნება. ქართველმა ხალხმა თავიდან უნდა აირჩიოს ხელისუფლება, რადგან ხმები გაუყალბეს.
სანამ ყველა პოლიტიკურ დევნილსა და პატიმარს არ გაათავისუფლებენ და იმ წამებას, რომელიც წინა დღეებში მიმდინარეობდა თავისი სახელი არ დაერქმევა და დამნაშავეები არ დაისჯებიან, პროცესი წინ არ წავა. მათი გათავისუფლება არის საწინდარი იმისა, რომ რაიმე მოლაპარაკებები დაიწყოს.
ივანიშვილი ცრურწმენების კაცია, უწიგნური კაცია, არ იცის როგორ მოიქცეს ისეთ ვითარებაში, როდესაც შიში აიტანს. ამ ხალხს იუმორის გრძნობა აქვს, ამ ხალხს მის ველურ იმპულსებზე ძალიან კარგად შეუძლიათ “იღადაონ”. აგრძელებს პროვოკაციებს და სიტუაციის დაძაბვას.
ის, რასაც საღამოს აპირებს [საახალწლო ილუმინაციების ანთებას], როცა საჯარო მოხელეებს “მესიჯები” მიუვიდათ – ბავშვებთან ერთად გამოდით მოწამლულ რუსთაველზეო – ეს მათი სასოწარკვეთილების, პროვოკაციისა და საზოგადოების დაპირისპირების მცდელობაა. აქ თუ რაიმე მოხდა და სიტუაცია დაიძაბა, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა კალაძეს, ივანიშვილსა და გომელაურს ეკისრება”, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დასრულდა – ცესკო ხმებს ითვლის. კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს. ოპოზიციას პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა არალეგიტიმური პროცესია. მათ ადგილზე დიპლომები და ბურთები აქვთ მიტანილი. ისინი წითელ ბარათს უჩვენებენ პრეზიდენტობის კანდიდატს და სკანდირებენ: “მიშა, შენი დრო წავიდა, გადი მოედნიდან!”
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარშიც შეუერთდა. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სკანდირებენ – „საქართველო“.
” ხელი გაუშვით, ჩემი შვილია!” – ამ ლოზუნგით გაიმართა დედების მარში. ქალებს ხელში უჭირავთ დარბეული, დასახიჩრებული, ნაცემი და დაპატიმრებული ახალგაზრდების ფოტოები. მარშში მონაწილე დედები მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უმიზეზოდ დაკავებული მომიტინგე, ვინც რუსთაველზე ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს იცავდა.
დღის განმავლობაში პარლამენტის შენობისკენ რამდენიმე ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობაც იგეგმება.
დღეს, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს. კენჭისყრა 9 საათიდან დაიწყო და 14 საათამდე უნდა დასრულდეს.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი – მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში შედის: – პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი – სულ 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის – სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.