“დაუმთავრებელი მშენებლობების ხელშეწყობა” – მშენებლებს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება 2028 წლამდე გადაუვადდათ

დაუმთავრებელ მშენებლობებს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების ვადა 2028 წლამდე გადაუვადდათ. კანონის პროექტი პარლამენტმა გამარტივებული წესით განიხილა და დაამტკიცა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, , აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე და ნიკა ელისაშვილი.
კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ “კანონპროექტის მიღებით მოხდება დაუმთავრებელი მშენებლობების ხელშეწყობა. კერძოდ, იმ ობიექტის მშენებლებს, რომლებიც ჩართული არიან ამ ტიპის მშენებლობების დასრულების პროცესში, და დღეის მდგომარეობით ვერ ასწრებენ ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას, მათ არ მოუწევთ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდა”.
ამასთან, კანონის ავტორები და ინიციატორები განმარტავენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი იქონიებს გავლენას ადგილობრივი ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებელი წარმოადგენდა ადგილობრივ მოსაკრებელს, რომელიც სრულად ირიცხებოდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. შესაბამისად, ამ მოსაკრებლისაგან გათავისუფლება, გამოიწვევს ბიუჯეტში შემოსასვლელი თანხების შემცირებას. შემოსავალი შემცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობაც უნდა შემოსულიყო სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის დაკისრებული მოსაკრებლის გადახდით.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, თავის დროზე კანონის მიღებით დაუმთავრებელი მშენებლობების ხელშეწყობა მოხდა. კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი ცვლილება 2020 წელს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში განხორციელდა. ცვლილების თანახმად, დაუმთავრებელი მშენებლობები მაშინ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდნენ, თუმცა იმ დათქმით, რომ ეს ობიექტები შემდეგ 2025 წლის 1 იანვრამდე უნდა მიღებულიყო ექსპლუატაციაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მაია ბითაძის განცხადებით, როგორც აღმოჩნდა, დღეის მდგომარეობით, ვერ ხერხდება ზოგიერთი ამ ობიექტის 2025 წლის 1 იანვრამდე დასრულება და მათი ექსპლუატაციაში მიღება. აღნიშნულის მიზეზად, მათ შორის, პანდემიის ხანგრძლივი პერიოდი სახელდება. მისივე თქმით, იმისათვის რომ ამ საკანონმდებლო შეღავათის მოქმედების ვადა გაგრძელდეს, საჭიროა კანონში ცვლილების განხორციელება.
ამგვარად, მიზანშეწონილად ჩაითვალა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანა, კერძოდ, კანონით გათვალისწინებული პირობის ვადის – ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანოს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის 2025 წლის 1 იანვრამდე გამოცემის – 2028 წლის 1 იანვრამდე გადაწევა.