თბილისში, წერეთლის გამზირზე ცნობილი ე.წ. მეორადების ტერიტორიაზე შპს „გლობალური ტექნოლოგიები“ მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს. მრავალჯერ შეცვლილი პროექტის გრგ დედაქალაქის მთავრობასთან უკვე შეთანხმებულია.
არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე განთავსებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, 14 708 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსდება 3 მრავალსართულიანი კორპუსი. პროექტის რენდერების მიხედვით, პირველი 25 სართულიანი შენობა საცხოვრებელი იქნება, მეორე 26 სართულიანი – ბიზნეს ცენტრი, ხოლო მესამე 21 სართულიანი – სასტუმრო. ამ ეტაპზე შეთანხმებულია მთლიანი პროექტის გრგ და პირველი ბლოკის სამშენებლო ნებართვა.
„შეთანხმებული გენგეგმის შესაბამისად, ტერიტორია გაერთიანებულია ერთ საკადასტრო ერთეულად, რომელზეც შეთანხმებულია პირველი რიგის საპროექტო სამუშაო, კერძოდ I ბლოკის პროექტი (ფუნქციური გადანაწილება 72% / 28% -ზე, საიდანაც, დომინანტი ფუნქცია დაეთმობა საცხოვრებელს, ხოლო დარჩენილი 28% პროცენტი საზოგადოებრივს).
შეთანხმებული გრგ-ს მიხედვით პირველი ბლოკის პროექტი უკვე შეთანხმებულია და მასში ათვისებული კ2-25476.7 კვ.მ-იდან 16,897.3 უჭირავს საცხოვრებელ ფუნქციას, დანარჩენი კი კომერციულს.
გენგეგმაში საცხოვრებელი ფუნქციები გადანაწილდებიან სამივე ბლოკში. თუმცა თითოეულ ბლოკში მათი პროცენტულობების გადანაწილება განსხვავებული იქნება. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია არსებული კომერციული შენობა 350 კვ.მ, არსებული სატრანსფორმატორო 60 კვ.მ და საპროექტო სატრანსფორმატორო ასევე 60კვ.მ.
სართულიანობა : პირველი ბლოკი 25 სართულიანია შენობის 2 მიწისქვეშა სართულით. მეორე ბლოკი წარმოადგენს მიწისზედა 26 და მიწისქვეშა 1 სართულს, მესამე ბლოკი კი მიწისზედა 21, და მიწისქვეშა ერთ სართულს.
ბლოკების მიხედვით ავტოსადგომების რაოდენობა : I ბლოკი – 113 მანქანა; II ბლოკი – 127 მანქანა; III ბლოკი – 109 მანქანა.
გრგ თითოეულ ეტაპში გამოყოფილია განხორციელების რიგითობა შემდეგი თანმიმდევრობით: 1. I ბლოკის არეალში მდებარე არსებული შენობების ნაწილობრივ დემონტაჟი; 2. I ბლოკის მშენებლობა ( პროექტი შეთანხმებული, და ვადა განსაზღვრულია მშენებლობის ორგანიზების გრაფიკის საფუძველზე); 3. II ბლოკის არეალში მდებარე არსებული შენობების დემონტაჟი; 4. II ბლოკის მშენებლობა ( ვადა განისაზღვროს მშენებლობის ორგანიზების პროექტში, მშენებლობის ნებართვის ეტაპზე); 5. III ბლოკის არეალში მდებარე არსებული შენობების დემონტაჟი; 6. III ბლოკის მშენებლობა ( ვადა განისაზღვროს მშენებლობის ორგანიზების პროექტში, მშენებლობის ნებართვის ეტაპზე)“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, პროექტს ახორციელებს შპს „გლობალური ტექნოლოგიები“, რომლის დირექტორი ალექსანდრე კირვალიძეა, კომპანიის მეწილეები კი არიან: ხათუნა სარიშვილი, გოდერძი გაბისიანი, ნიკოლოზ მაღლაფერიძე, იზოლდა უკლება, მამუკა კაკულია, მერაბი კაკულია, მიხეილ ჩხარტიშვილი, ნათია ახობაძე.
