პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

დღეს, აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც წელს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილეს ემთხვევა. მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში თავი იგრძნოს თანასწორად,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს სახალხო დამცველის ერთობლივ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ პარლამენტი და სახალხო დამცველი ერთობლივ ღონისძიებას მართავენ.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ლევანს მისი საქმიანობისთვის. სახალხო დამცველს აქვს წინასწარი შეტყობინების გარკვეული ფუნქცია, რომელმაც საწყის ფაზაშივე უნდა მოგვცეს სიგნალი, რომ სადღაც შეიძლება ან სამართლებრივი რეგულირება ან პრაქტიკა არ არის სათანადო. ამ მხრივ მნიშვნელოვანია დროული რეაგირება რათა ადამიანის უფლებების დარღვევა, პოტენციური დარღვევა ან ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელმაც შეიძლება წაახალისოს ადამიანის უფლებების დარღვევა არ გამწვავდეს, არ გაღრმავდეს და არ იქცეს პრობლემად”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს, რომელიც მისი თქმით, გამორჩეულია თავისი საქმიანობით.
„მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინო წილოსანს. მისი ხელმძღვანელობის პირობებში, გენდერულმა საბჭომ ბევრ წარმატებას მიაღწია. მათ შორის, გამორჩეულია 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულება, რომელიც გენდერულ თანასწორობას შეეხებოდა. ერთი მხრივ, ამ რეკომენდაციის შესრულების პროცესში იყო ძალიან ფართო კონსენსუსი საპარლამენტო სუბიექტებს შორის და მეორე მხრივ, ეს არის ის რეკომენდაცია, რომელიც სრულად შესრულებად ჩათვალა ევროპულმა კომისიამ. ამიტომ, მინდა მივულოცო ეს წარმატება გენდერულ საბჭოს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს ანნა ჩუბინიძის ღირსების ორდენი გადასცა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანმა და ყურადღება დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით 75 წლის წინ მიღებულმა დეკლარაციამ მსოფლიოსა და მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც არაერთი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ადამიანის უფლებების აღიარება და მისი განმტკიცება განაპირობა. ნინო წილოსანმა ქალთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების მიმართულებით პარლამენტის და გენდერული საბჭოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.
„როდესაც „ქალების გაძლიერების ათწლეულის” პუბლიკაციის შექმნის იდეა გაჩნდა და ამ საკითხს პარლამენტის თავმჯდომარესთან განვიხილავდით, მოტივი იყო, რომ გარკვეული შემაჯამებელი დოკუმენტი გაკეთებულიყო. ყოფილიყო თვალსაჩინო პუბლიკაცია და კვლევა თუ როგორ მივდივართ ევროპისკენ, რით მოვდივართ და რატომ ვართ მისი ნაწილი. ეს არის ის უზომო შრომა, რომელიც არა მხოლოდ ამ ათწლეულის, არამედ ისტორიის მანძილზე, არაერთმა ადამიანმა გაწია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ღირებულება ყოფილიყო გენდერული თანასწორობა და რა თქმა უნდა, ადამიანის საბაზისო უფლებები”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღებიდან 75 წელი გავიდა, თუმცა ბევრი ქვეყანა და მათ შორის, საქართველოც ცდილობს გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს.
„75 წლის წინ ცივილიზებული კაცობრიობა შეთანხმდა, რომ ბოროტების წინააღმდეგ შექმნიდა საერთო წესებს. 75 წლის თავზეც ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გამოწვევებთან გამკლავება უწევს უამრავ ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა დღემდე ცდილობს გაუმკლავდეს ადამიანის უფლებების დარღვევებს და ეს კიდევ ერთხელ ყველას შეგვახსენებს რამხელა ძალისხმევაა გასაწევი იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, აქ მცხოვრები ადამინების უფლებები სრულფასოვნად იქნას დაცული”, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.
ლევან იოსელიანის განცხადებით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია მთლიანად ინსტიტუციისთვის – სახალხო დამცველისთვის, ვინაიდან სახალხო დამცველის არსებობის ისტორიაში პირველად მისი თანამშრომელი ასეთი მაღალი ჯილდოთი დაჯილდოვდა.
გაეროს მუდმივი კოორდინატორის საქართველოში საბინე მახლის განცხადებით, ასეთი ტიპის ღონისძიებებზე, ისევე როგორც მაღალი დონის შეხვედრებზე, მნიშვნელოვანი ხაზი გაესვას და აღინიშნოს მიღწევები დაისახოს ახალი პრიორიტეტები არსებული გამოწვევების დასაძლევად.
ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პუბლიკაციის „ქალების გაძლიერების ათწლეული” პრეზენტაცია, რომელიც მკვლევარმა ლიკა ნადარაიამ წარადგინა. დოკუმენტი წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ანგარიშს ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართულებით ქვეყნის მიერ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
ღონისძიებაზე მოეწყო მხატვარ ნინო გოგოლიძის ნამუშევრების გამოფენა.