„რაც ვნახე, სიმხეცეა“ — იოსელიანის თქმით, მომიტინგეებს დაზიანებები აღენიშნებათ

სახალხო დამცველმა დიღომში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული აქციის მონაწილეები მოინახულა.
ლევან იოსელიანის განცხადებით, დიღმის იზოლატორში მყოფი 15-მდე დაკავებულიდან ყველა, ორის გარდა, აცხადებს, რომ დაკავებისას საშინელ ფიზიკურ ზეწოლას დაექვემდებარა.
„ხილული დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ მიღებული, თუმცა, ზოგიერთის თქმით, სხეულის სხვა ადგილებიც აქვთ დაშავებული. ერთ-ერთ დაკავებულს მთელი სახე სისხლნაჟღენთებით ჰქონდა სავსე. რაც ვნახე, არის სიმხეცე, რომელსაც გამართლება არ აქვს. პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაკავებისას არ გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას. კანონი უპირველესად კანონდამცველმა უნდა დაიცვას და დამნაშავესაც კანონის მიხედვით უნდა მოეპყროს. ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ყველასი, ვინც აკავებს, ვინც საპოლიციო ოპერაციას ატარებს, და მერე ვინც იძიებს დაკავების პირობებს“, — განაცხადა იოსელიანმა ჟურნალისტებთან.
ომბუდსმენმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანად გამოიძიოს თითოეული შემთხვევა.
„ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ აქციებზე წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება ძალადობის მსხვერპლი. ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც გამოუძიებელი რჩება და რომელზეც სახელმწიფო დროულად და ადეკვატურად არ რეაგირებს, მათი გამეორების ალბათობას ზრდის. ამიტომ, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ჩვენ ყველა ინფორმაციას გავასაჯაროებთ და ყველა ჩვენს ხელთ არსებულ მასალას გავუგზავნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ასევე, მივადევნებთ თვალს თავად გამოძიების მიმდინარეობას“, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 ნოემბრის ღამით 107 ადამიანი დააკევეს.