დაფიქსირებული საარჩევნო თაღლითობა ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და ახალი მთავრობის ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ საერთო განცხადებას სამი წამყვანი ევროპარლამენტარი ავრცელებს.
განცხადების ავტორები არიან: დევიდ მაკალისტერი (ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ნილს უშაკოვსი (ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე) და რასა იუკნევიჩიენე (ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი).
“ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყვებისთვის ძალისხმევები, როგორც ეს 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა. გვახსოვს, რომ საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება იყო 2022 წლის მარტში ევროკავშირის წევრობისთვის შეეტანა განაცხადი და მას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ ისტორიული გადაწყვეტილების გამოყენებისა და გაწევრიანების პროცესში წინსვლის ნაცვლად, საქართველოში უწყვეტი დემოკრატიული უკუსვლა იყო.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ გასული საპარლამენტო არჩევნები პატივს არ სცემდა დემოკრატიული არჩევნებისთვის საერთაშორისო სტანდარტებს. დაფიქსირებული საარჩევნო თაღლითობა ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და ახალი მთავრობის ლეგიტიმურობას.
ღრმად შეშფოთებულები ვართ პრო-ევროპელი ქართველების უფლებებზე, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ვგმობთ მათ წინააღმდეგ ძალადობას და შესაბამის ორგანოებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც სრულყოფილად უნდა იქნას პატივცემული.
ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილისადმი იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში. გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოებისა და პრო-დემოკრატიული მოძრაობების დახმარებას, რათა შემოაბრუნონ ქვეყანა დემოკრატიული და ევროპული გზისკენ,” – ნათქვამია განცხადებაში.