შსს-მ ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლისას 43 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლის დროს 43 ადამიანი დააკავა.
დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
ამასთან, შსს-მ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც პოლიციელზე ძალადობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
შსს-ს განცხადება სრულად:
“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენების შესახებ. აქციის
მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი სამართალდამცველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები აქციის დაწყებისთანავე იყვნენ მობილიზებულები რუსთაველის გამზირზე და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე მოუწოდა შეკრების ორგანიზატორებსა და აგრესიულ ჯგუფებს, რომ პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში გამოეხატათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა მითითებებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუპირისპირდნენ ფიზიკურად.
სხვადასხვა მედიასაშუალების პირდაპირ ეთერებში ნათლად ჩანდა, როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ინფრასტრუქტურას, გზის საფარს, ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებს. აქციის მონაწილეებმა ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე გაურკვეველ ნივთებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს
ბარიკადები, დააზიანეს როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის ასევე კერძო პირთა ქონება, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის
საგნებსა და პიროტექნიკას.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით
დაშვებული სპეციალური საშუალებები. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.
აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.
აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
***