ჩვენი მიზანია, უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი მოცული იყოს პროტესტით – დადგა დრო, დავდგეთ ერთად ყოველ დღე მანამ, სანამ რეჟიმი არ მოიგუდება დემოკრატიულად – ყოველ დღე უნდა ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა, – ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის უკან დახევა მოუწევს და ეს მოჯადოებული წრე დაირღვევა.
“ჩვენ უწყვეტ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მძლავრი გახდება. მიზანი და ამოცანა არის შემდეგი, რომ უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი მოცული იყოს პროტესტით. ბევრი ასეთი კერა უნდა გაჩნდეს და აქ თითოეულ ჩვენგანზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. დღეს ვრჩებით იქ, სადა უკვე ვართ. კონკრეტული დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება ასევე მიღებული. დადგა დრო, დავდგეთ ერთად ყოველ დღე, მანამ, სანამ რეჟიმი არ მოიგუდება დემოკრატიულად. ყოველ დღე უნდა ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა. ვალდებულები ვართ, წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე ვიბრძოლოთ ბოლომდე და ეს ბრძოლა დაგვირგვინდეს ბოლომდე,” – განაცხადა მელიამ.
ის ასევე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის პოზიციას სრულად ეთანხმება.
“ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით მის პოზიციას, კერძოდ, ძალიან მოკლედ, გაყალბებული არჩევნების არაღიარება რჩება ძალაში, არჩევნების შედეგები არ არის აღიარებული არც ერთ დონეზე, არც საერთაშორისო დონეზე, არც საქართველოში. არ აღიარებს მას არც ერთი ოპოზიციური პარტია, არანაირი სამოქალაქო საზოგადოება და თავად ქვეყნის პრეზიდენტი. შესაბამისად, ბრძოლა ახალი არჩევნების ჩატარების მოპოვებისთვის გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში,” – განაცხადა მელიამ.