პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 19 ნოემბერს, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია.
ზურაბიშვილის თქმით, მას არ აქვს სასამართლოს იმედი, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ ყველა გზა უნდა სცადოს.
„ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს იმიტომ არ ხდება, რომ მე მჯერა საკონსტიტუციო სასამართლოსი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება უკვე მივიღეთ არა ერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა მაინც არ უნდა დარჩეს ისე, რომ არაფერი ვცადოთ და არ გამოვცადოთ. ესეც არის ჩემი სარჩელის მიზანი. ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომელიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე. როგორი ქვეყანა მინდა და ვისთან ერთად მინდა და საითკენ უნდა წავიდეს. ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი. მინდა ვუსურვო მათ და ვუსურვო ჩვენ თავს, რომ ამ საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდეს რამდენიმე მოსამართლე მაინც, როგორც ერთმა მოსამართლემ გვაჩვენა, რომ შეძლებენ ისინიც, რომ გვაჩვენონ, რომ ღირსეული მოსამართლეები მაინც გვყავს ამ ქვეყანაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.